ინვესტიციები საქართველოში

სერგეენკო არ ასახელებს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ შემოსულ ინვესტორებს

ტაბულა

ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს დღევანდელ მთავრობის სხდომაზე ტაბულამ სთხოვა, დაესახელებინა სამი ინვესტორი, რომლებიც ხელისუფლების ცვლილებიდან დღემდე საქართველოში შემოვიდნენ. მინისტრი არათუ სამი, არამედ 33 ინვესტორის ჩამოთვლას დაგვპირდა, თუმცა, არცერთი დაუსახელებია.

"მე შემიძლია, დაგისახელოთ ჯანდაცვის სექტორში არათუ სამი, არამედ 33 ინვესტორი, დავიწყო ჩამოთვლა? ინვესტორებთან მოლაპარაკების პერიოდი გვაქვს ახლა. ინვესტიციები კერძო სახელმწიფო თანამშრომლობის პარტნიორობის ფორმატში, Public Private პარტნიორობის ფორმატში განიხილება. ეს ეხება რესპუბლიკურ საავადმყოფოს, ონკოლოგიურს, ბავშვთა ინფექციურს, შეიძლება, ჩვენ წავიდეთ კიდევ რამოდენიმე პროექტზე. შემოთავაზებები არის რამოდენიმე, მე შემიძლია, ქვეყნები დავასახელო, რომელი ქვეყნებიდან არის ეს შემოთავაზებები. ეს არის ისრაელი, გერმანია, უნგრეთი. რაც შეეხება კონკრეტულად სახელების და გვარების დასახელებას, სანამ კონტრაქტს არ გავაფორმებ, უბრალოდ მოლაპარაკების ეთიკა მოითხოვს, რომ არ დავასახელო", - თქვა სერგეენკომ.

ამის შემდეგ ტაბულას კორესპონდენტმა დაუკონკრეტა, რომ ჩამოეთვალა სამი ინვესტორი, რომლებიც უკვე შემოსულია ქვეყანაში და არა ისინი, რომელთა შემოსვლაც მომავლისთვის განიხილება.

მინისტრმა გვიპასუხა - "ჯანდაცვის სექტორში მოლაპარაკება გვაქვს რამდენიმე ათეულ ინვესტორთან. კონტრაქტი, რომლითაც უკვე მუშაობა დაიწყება, მინდა გითხრათ თარიღები ეს როდის მოხდება - პირველი ეს იქნება მარტის ბოლო, ყველაზე დიდი ტალღა იქნება ზაფხულის განმავლობაში და მე შემეძლება, რომ დაგისახელოთ. თქვენი კითხვა ლეგიტიმურია, თუმცა, ძალიან გთხოვთ, ნუ ჩათვლით იმას, რომ პასუხს გავურბივარ. არის წესი და რიგი, როგორც იქცევიან მოლაპრაკებების დროს."

კომენტარები