ინვესტიციები საქართველოში

ებანოიძე: კომპანია, რომელიც ოლიმპიურ სოფელს აშენებს, 2012 წლის ბოლოს შემოვიდა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ნოდარ ებანოიძის განცხადებით, კომპანია (ჰუალინგ ჯგუფი), რომელიც თბილისის ზღვაზე ოლიმპიურ სოფელს აშენებს, საქართველოში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შემოვიდა. ამის შესახებ ებანოიძემ ტაბულას კითხვას, "დაასახელეთ სამი ინვესტორი, რომელიც თქვენი ხელისუფლების დროს, 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ საქართველოში შემოვიდა" უპასუხა. აღსანიშნავია, რომ ჰუალინგ ჯგუფი საქართველოში კაპიტალდაბანდებებს 2007 წლიდან ახორციელებს. კომპანიას შეძენილი აქვს ხე-ტყის მოპოვების 20-წლიანი ლიცენზიები, ასევე, ოქროს, სამშენებლო ქვის მოპოვების ლიცენზიები. ჰუალინგ ჯგუფმა უკვე დააფუძნა ხის გადამამუშავებელი ორი ქარხანა. გარდა ამისა, კომპანიამ ქალაქ ქუთაისში შეიძინა 70 ჰექტარი მიწის ფართობი, სადაც აშენებს თავისუფალ ინდუსტრიული ზონას. 

"ავიღოთ ჰუალინგ ჯგუფი, რომელიც 2012 წლის ბოლოს შემოვიდა. ის თბილისის ზღვაზე ოლიმპიურ სოფელს აშენებს და ასევე ძალიან ბევრ საცხოვრებელ კორპუსს. ასევე 2013-2014 წლებში შემოსული კომპანია, რომელიც აწარმოებს ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობებს აჭარაში. ძალიან ბევრი კომპანიაა. თქვენ იცით, რომ ჩვენ 2014 წლის მეოთხე კვარტლის მონაცემები ჯერ არ გვაქვს, 2014 წლის სამი კვარტლის მონაცემებით კი, 508 მილიონის ინვესტიცია იყო, რომელიც წინა წლის იმავე მონაცემებზე დაახლოებით 100%-ით მეტია. აქ ლიდერობს ჩინეთი, აზერბაიჯანი, ნიდერლანდები... ახლა სიახლე იქნება დავოსის ფორუმის შემდეგ - ძალიან ცნობილი საინვესტიციო კომპანიები ჩამოდიან, რომლებიც რეალურად იმუშავებენ ინვესტიციებზე, ასევე ინვესტიციები აქვს გაკეთებული თელასსაც, BPI-ს, რომელმაც ახალი ინვესტიციები განახორციელა", - განაცხადა ებანოიძემ.

ტაბულამ კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს მესამე კონკრეტული ინვესტორის დასახელებაც სთხოვა, რასაც ებანოიძემ არასერიოზული დამოკიდებულება უწოდა.

"კარგით ახლა, თუ ვიქტორინაზე ვარ, ორიც დავასახელე, ოთხიც დავასახელე და ექვსიც. მე გითხარით რამდენიმე კომპანია და რა დავალება გაქვთ ეგეთი, რომ სამი ვთქვა? ვიქტორინაა? არასერიოზულია ეგეთი დამოკიდებულება", - განაცხადა ებანოიძემ.

კომენტარები