საბანკო სექტორი

ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა გასული წლის ბოლო კვარტალში 6%-ით გაიზარდა

REUTERS

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემების მიხედვით, გასული წლის ბოლო კვარტალში საბანკო დაწესებულებებში არსებული ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა 279 მილიონი ლარიდან 295 მილიონ ლარამდე გაიზარდა. ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა 2014 წლის მანძილზე მზარდი ტენდენციით გამოირჩეოდა. თუმცა 2015 წლის იანვარში ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა 43 მილიონი ლარით შემცირდა.

უცხოურ ვალუტაში გაცემული ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა 2014 წლის ბოლო კვარტალში 8%-ით ანუ $11 მილიონით არის გაზრდილი. ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურებამ ყველაზე მეტად სწორედ უცხოურ ვალუტაში არსებული სესხების ღირებულება გაზარდა, რაც მათი ვადაგადაცილების რისკს ზრდის. იანვარში ლარის კურსის მცირედი დასტაბილურების გამო, ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა შემცირდა, თუმცა თებერვალში ლარის გაცვლითი კურსის 7%-იანი გაუფასურების გამო, მათი მოცულობა სავარაუდოდ გაიზრდება.

ეროვნული ბანკის მონაცემების მიხედვით, ეროვნულ ბანკში არსებული ვადაგადაცილებული სესხების ძირითადი ნაწილი - 78% ანუ 103 მილიონი ლარი - მოკლევადიან სესხებს ეხება. ხოლო უცხოურ ვალუტაში არსებული ვადაგადაცილებული სესხების ძირითადი ნაწილი - 61% ანუ 73 მილიონი ლარი -გრძელვადიან სესხებზე მოდის.

ვადაგადაცილებული სესხების სტატისტიკას ეროვნული ბანკი საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი კომერციული ბანკების და უცხოური ბანკების ქართული ფილიალების მიერ მიწოდებული ყოველთვიური ანგარიშების შედეგად ადგენს. ვადაგადაცილებული სესხები კი არის კლიენტებზე გაცემული სესხებით ვადაგადაცილებული დავალიანების თანხები, რომლებიც არ არის დაფარული საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში.

კომენტარები