რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა

აბაშიძე: სანთლით ეძებენ რაიმე მინიშნებას ევროატლანტიკური კურსის ცვლილებაზე

ზურაბ აბაშიძე

საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძეს რჩება შთაბეჭდილება რომ "ოპონენტები სანთლით ეძებენ რაიმე მინიშნებას საქართველოს ევროატლანტიკური კურსის ცვლილებაზე". ამის შესახებ მან ინტერპრესნიუსს განუცხადა. აბაშიძემ განმარტა მის მიერ დღეს გაკეთებული განცხადება, რომ "NATO-საქართველოს თანამშრომლობა არ არის მიმართული იმ მიზნისკენ, რომ საქართველოში NATO-ს სამხედრო ინფრასტრუქტურა განთავსდეს. ასეთი გეგმა ბუნებაში არ არსებობს და ბრიუსელში, მოსკოვსა და თბილსშიც კარგად იციან, რომ დღეს და ხვალ საქართველოს NATO-ში გაწევრიანება დღის წესრიგში არ დგას". 

"ჩემმა დღევანდელმა კომენტარმა, რომელიც საქართველო-NATO-ს ურთიერთობასთან დაკავშირებით ბატონ ლავროვის გუშინდელ განცხადებაზე რეაქცია იყო, გარკვეული აჟიოტაჟი გამოიწვია. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ჩვენი ოპონენტები სანთლით ეძებენ რაიმე მინიშნებას საქართველოს ევროატლანტიკური კურსის ცვლილებაზე. წესით ამ შემთხვევაშიც არ უნდა ეპოვნათ ასეთი მინიშნება. მე 7 წლის განმავლობაში ვიყავი NATO-ში საქართველოს მისიის ხელმძღვანელი და NATO-საქართველოს ურთიერთობების თაობაზე გარკვეული წარმოდგენა მაქვს. შევეხები იმ დეტალებს, რამაც კრიტიკა გამოიწვია. კერძოდ, პირველი - მე განვაცხადე, რომ "NATO-სთან თანამშრომლობა არაირად არ არის მიმართული იმისკენ, რომ საქართველოში განლაგდეს NATO-ს სამხედრო ინფრასტრუქტურა". სამხედრო ინფრასტრუქტურის განლაგებაში ვგულისხმობდი NATO-ს სამხედრო ბაზებს საქართველოში და არა ერთობლივი საწვრთნელი ცენტრის დაარსებას, რომელიც გათვალისწინებულია უელსის სამიტზე მიღებული პაკეტის ფარგლებში. ერთობლივად მართული საწვრთნელი ცენტრი მისი შინაარსით მნიშვნელოვნად განსხვავდება NATO-ს სამხედო ბაზისგან. ეს ცენტრი საქართველოს საკუთრება იქნება. ჩვენი მიზანი კი, რა თქმა უნდა, NATO-ს სტანდარტებთან დაახლოება და ალიანსში შემდგომი ინტეგრაციაა. მეორე - რატომღაც მიუღებელი აღმოჩნდა ჩემი მოსაზრება იმის თაობაზეც, რომ საქართველო არ გადადგამს ისეთ ნაბიჯს, რომელიც ზიანს მიაყენებს რეგიონულ უსაფრთხოებას. არ ვიცი, რატომ გამოიწვია ამ თეზამ კითხვის ნიშანი. ჩვენ ვთვლით, რომ ჩვენი თანამშრომლობა NATO-სთან არანაირ საფრთხეს არ უქმნის რეგიონის ან რომელიმე სხვა ქვეყანას. თუმცა, ამავე თეზას მე მივაყოლე შემდეგი სიტყვები: "რეგიონულ უსაფრთხოებას, საქართველოს უსაფრთხოებას, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს უპირველესად საფრთხეს უქმნის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია, რუსეთის სამხედრო ჯარების, სამხედრო ინფრასტრუქტურის განლაგება". ვიმეორებ, რომ საქართველოს თანამშრომლობა NATO-სთან რეგიონისთვის, ჩვენი აზრით, არანაირი საფრთხის შემცვლელი არ არის, პირიქით მასტაბილიზირებელი ფაქტორი უნდა იყოს რეგიონის უსაფრთხოებისთვის; საქართველო-NATO-ს თანამშრომლობა რომ არ არის მესამე ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული, ამას წლების განმავლობაში ვამბობთ არამარტო ჩვენ, არამედ მუდმივად ამბობენ და ადასტურებენ ჩვენი NATO-ელი პარტნიორები; მესამე, გაწევრიანების ვადებთან დაკავშირებით გამოვთქვი ჩემი პირადი ვარაუდი, ვინაიდან არსებული საერთაშორისო კონიუნქტურის გათვალისწინებით, მიმაჩნია, რომ უახლოეს მომავალში, სამწუხაროდ, სრულფასოვანი გაწევრიანება ვერ განხორციელდება. გასათვალისწინებელია, რომ NATO-ში გადაწყვეტილებები მიიღება კონსენსუსით, ანუ ყველა წევრი ქვეყანა უნდა შეთანხმდეს ახალი წევრის მიღების თარიღთან დაკავშირებით. შესაბამისად, ახალი წევრის მიღება საბოლოოდ არის დაკავშირებული პოლიტიკურ გადაწყვეტილებასთან და ასპირანტი ქვეყნის წარმატებული რეფორმები არ არის ერთადერთი განმსაზღვრელი ფაქტორი. სხვათა შორის, ასეთი პროგნოზი ჩვენ არაერთხელ გვსმენია ჩვენი NATO-ელი პარტნიორებისგან", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

"არანაირი ცვლილება ჩვენს საგარეო პოლიტიკურ კურსში არ არსებობს და სანამ განსხვავებულ დასკვნებს გამოიტანენ, ჩემს კოლეგებს ვთხოვ, კარგად ჩაიხედონ იმაში, თუ ვინ რა თქვა და როგორია ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის რეალური მდგომარეობა", - აღნიშნა აბაშიძემ.

ამასთან, ზურაბ აბაშიძის თქმით, მან განაცხადა ის, რაც იმ მომენტისთვის საჭიროდ ჩათვალა და ვერც ერთ ფორმულირებაში სერიოზული კრიტიკის საბაბს ვერ ხედავს.

კომენტარები