რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა

პეტრიაშვილი: საქართველოს ევროატლანტიკურ კურსს ექმნება აშკარა საფრთხე

თავისუფალი დემოკრატების გენერალური მდივანი ალექსი პეტრიაშვილი თვლის, რომ პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის განცხადება ღია დადასტურებაა იმისა, რომ საქართველოს ევროატლანტიკურ კურსს ექმნება აშკარა და რეალური საფრთხე. თავისუფალი დემოკრატები მიმართავენ პრეზიდენტს, საჯაროდ დააფიქსიროს თავისი პოზიცია აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით. ასევე მოუწოდებენ ევროინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებს, გაემიჯნონ აბაშიძის ნათქვამს და NATO-ში გაწევრიანების ერთგულება გამოხატონ. პეტრიაშვილი ასევე მოუწოდებს არასამთავრობოებს, გამოხატონ საკუთარი მოქალაქეობრივი პოზიცია და არ მისცენ უფლება დღევანდელ მთავრობას, გადაუხვიოს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური კურსიდან.

"დღეს ბიძინა ივანიშვილის პირადმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ გააკეთა უაღრესად საგანგაშო განცხადება. ამ განცხადების თანახმად, NATO-სთან თანამშრომლობა არანაირად არ არის მიმართული იმ მიზნისკენ, რომ საქართველოში განთავსდეს NATO-ს სამხედრო ინფრასტრუქტურა და რომ ასეთი გეგმა ბუნებაში არ არსებობს და დღეს და ხვალ საქართველოს NATO-ში გაწევრიანება დღის წესრიგში არ დგას. მაშინ, როდესაც მიმდინარე წლის ბოლოს დაგეგმილი არის NATO-ს მინისტერიალი და მომავალ წელს დაგეგმილია NATO-ს სამიტი, ეს განცხადება არის კიდევ ერთი ღია დადასტურება იმ ფაქტის, რომ ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ კურსს ექმნება აშკარა და რეალური საფრთხე, რაზედაც თავისუფალი დემოკრატები დიდი ხანია, მივუთითებთ. რადგან NATO-ს უელსის სამიტზე მიღებული არსებითი პაკეტი ზუსტადაც რომ არის ის გეგმა, რომელიც ითვალისწინებს NATO-ს ინფრასტრუქტურის საქართველოში განთავსებას და ქვეყნის საბოლოო მიზნის - NATO-ში გაწევრიანების ხელშეწყობას. უელსის სამიტის ჩათვლით, ჩვენი ყველა ქმედება იყო მიმართული საქართველოს NATO-ში გაწევრიანებისკენ, რაც ბუნებრივია, ასევე არის ალიანსის მყარი გადაწყვეტილება. საინტერესოა, რომ ზურაბ აბაშიძის ეს განცხადება დროში დაემთხვა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებას, გუშინ გამართულ კრიზისების მართვის საბჭოს სხდომას და თებერვლის ბოლოს დაგეგმილ აბაშიძე-კარასინის ფორმატით გათვალისწინებულ შეხვედრას. რითაც გამოაშკარავდა ამ შეხვედრის რეალური დღის წესრიგი. თავისუფალი დემოკრატები მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს, როგორც სახელმწიფოს მეთაურს, გააკეთოს საჯარო განცხადება და ღიად დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია ამ უაღრესად საგანგაშო განცხადებასთან დაკავშირებით. ასევე მივმართავთ საგარეო და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტურქტურებში საქართველოს ინტეგრაციის საკითხებში სამინისტროებს, გაემიჯნონ აღნიშნულ განცხადებას და დააფიქსირონ საკუთარი ერთგულება საქართველოს NATO-ში გაწევრიანებისა. მივმართავთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, გამოხატონ საკუთარი მოქალაქეობრივი პოზიცია და არ მისცენ უფლება დღევანდელ მთავრობას, გადაუხვიოს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური კურსიდან", - თქვა პეტრიაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენლის რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძის განცხადებით, NATO-სთან თანამშრომლობა არ არის მიმართული იმისკენ, რომ საქართველოში ალიანსის სამხედრო ინფრასტრუქტურა განთავსდეს. როგორც მან აღნიშნა, ასეთი გეგმები ბუნებაში არ არსებობს. აბაშიძის თქმითვე, ბრიუსელშიც, მოსკოვშიც და თბილისშიც იციან, რომ დღეს და ხვალ საქართველოს გაწევრიანება NATO-ში, დღის წესრიგში არ დგას. აბაშიძემ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადება შეაფასა, რომლის მიხედვითაც, თუ NATO საქართველოს ალიანსში "ჩათრევისთვის" პრაქტიკულ ნაბიჯებს გადადგამს, "რუსეთი შესაბამის ზომებს მიიღებს, რათა ამ პროცესებმა მდგომარეობაზე ნეგატიურად არ იმოქმედოს".

"რაც შეეხება ბატონ ლავროვის კომენტარს საქართველო-NATO-ს ურთიერთობების შესახებ - მოგეხსენებათ, საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა, ამიტომ მას აქვს სრული უფლება, ითანამშრომლოს ნებისმიერ საერთაშორისო ორგანიზაციასთან, მათ შორის NATO-სთან, რომელიც გახლავთ მეტად ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია. ეს თანამშრომლობა არანაირად არ არის მომართული იმ მიზნისკენ, რომ საქართველოში განთავსდეს სამხედრო ინფრასტრუქტურა. ასეთი გეგმები ბუნებაში არ არსებობს. საქართველო საერთოდ არ გადადგამს ისეთ ნაბიჯს, რომელიც ზიანს მიაყენებს რეგიონულ უსაფრთხოებას. რეგიონულ უსაფრთხოებას, საქართველოს უსაფრთხოებას, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს საფრთხეს უქმნის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია, აქ რუსეთის სამხედრო ჯარების, სამხედრო ინფრასტრუქტურის განლაგება. სხვათა შორის, უკრაინაში დრამატული მოვლენების დაწყებამდე მშვიდობისათვის პარტნიორობის პროგრამაში რუსეთი საკმაოდ მჭიდროდ თანამშრომლობდა NATO-სთან, მათ შორის საერთაშორისო ოპერაციების ფარგლებში, ავღანეთი მაქვს მხედველობაში. ზოგადად, ბრიუსელშიც, მოსკოვშიც, თბილისშიც კარგად იციან, რომ დღეს და ხვალ საქართველოს გაწევრიანება NATO-ში დღის წესრიგში არ დგას. ბატონ კარასინთან საუბრის თემა ჩვენი ურთიერთობა მესამე ქვეყნებთან ან საერთაშორისო ორგანიზაციებთან არ არის. დღის წესრიგში ჩვენ იქ სხვა თემატიკა გვაქვს. ჩვენ ამ თემებზე ამ ფორმატში არასდროს არ ვსაუბრობთ, თუმცა მას შეუძლია გააკეთოს ნებისმიერი განცხადება და მოვუსმენთ", - განაცხადა აბაშიძემ.

კომენტარები