ფოკუსი

18 თებერვალი,2015

- მოსკოვმა ცხინვალის მარიონეტ რეჟიმთან ე.წ. სახელმწიფო საზღვრის შესახებ ხელშეკრულება გააფორმა - სერგეი ლავროვის თქმით, ამ ნაბიჯით რუსეთს სურს გააბათილოს ის აზრი ,რომ რუსეთი ცხინვალის რეგიონის ანექსიას ცდილობს. მსგავსი ხელშეკრულებები მოსკოვმა სოხუმის საოკუპაციო რეჟიმთანაც გააფორმა. საზღვრის შესახებ ხელშეკრულებები ნაწილია ინტეგრაციის შეთანხმებისა, რომელიც ოფიციალურმა თბილისმა უკვე შეაფასა ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიის მცდელობად.

- იანვარში ექსპორტმა და ფულადმა გადმორიცხვებმა იკლო - ქვეყანაში დოლარის რაოდენობის მნიშვნელოვანი შემცირების გამო ლარი გაუფასურებას განაგრძობს. საქართველოში ერთი ამერიკული დოლარი 2 ლარი და 7 თეთრი ღირს. პარლამენტშიც საფინანსო კომიტეტშიც ამბობენ, რომ ხელისუფლებამ ეკონომიკის წახალისების პროგრამები უნდა დაიწყოს.

- კიდევ ერთი გაუარესებული ეკონომიკური მაჩვენებელი - 2014 წელს რკინიგზის და ბათუმის ნავსადგურის ტვირთბრუნვა შემცირდა. მმართველ გუნდში ამ მიმართულებით გაუარესებულ მდგომარეობასაც საგარეო ფაქტორებით ხსნიან.

- თავისუფალი დემოკრატების ლიდერის განცხადებას მთავრობისთვის უნდობლობის შესაძლო გამოცხადების შესახებ გამოხმაურებები მოჰყვა. ირაკლი ალასანიამ გადაცემა თეორემას ეთერში არ გამორიცხა, რომ მისმა ფრაქციამ ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად 18 დეპუტატის დარწმუნებაზე იმუშაოს და შედეგად, მთავრობა გადააყენოს. თუმცა, განსხვავებული ხედვა აქვთ მისსავე თანაპარტიელებს - თავისუფალი დემოკრატების ფრაქციის წევრი გია ცაგარეიშვილი ამბობს, რომ მისი პარტიის ლიდერის სიტყვები არასწორად გაიგეს და მსგავსი შეთანხმება წარმოუდგენელია. თავის მხრივ, ყველა ხერხი, რომლითაც შესაძლებელი იქნება ბიძინა ივანიშვილს ხელისუფლებისგან ჩამოშორება, მისაღებია ერთიანი ნაციონალური მოძრაობისათვის. რაც შეეხება მმართველ გუნდს, იქ დარწმუნებულნი არიან, რომ მომავალ არჩევნებამდე მთავრობის უნდობლობის საკითხი არ დადგება.

- საპარლამენტო უმრავლესობამ პარლამენტის ვიცესპიკერის თანამდებობიდან ზურაბ აბაშიძე გადააყენა. ვიცესპიკერის პოსტს დღეიდან ფრაქცია ქართული ოცნება - ეროვნული ფორუმის წარმომადგენელი გუბაზ სანიკიძე დაიკავებს.

- პრორუსი ინტერვენტები ქალაქ დებალცევოზე შეტევებს განაგრძობენ, დასახლებულ პუნქტს კი უკრაინელი სამხედროები მინსკის შეთანხმების თანახმად ტოვებენ. დებალცევოში ქუჩის ბრძოლები მიმდინარეობს. ერთ-ერთ შეტაკებაში დონეცკელი სეპარატისტების ლიდერი დაიჭრა. რუსეთის მიერ მინსკის შეთანხმების დარღვევაზე საუბრობს როგორც უკრაინის პრეზიდენტი ასევე ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტიც.

კომენტარები