სამშენებლო ბიზნესი

2008 წლამდე დაწყებული სამშენებლო ობიექტები ვალდებულებებისგან თავისუფლდებიან

ირაკლი ღარიბაშვილი დუისში
Irakli Garibashvili Official

"მივიღეთ გადაწყვეტილება, ის სამშენებლო ობიექტები, რომელთა მშენებლობაც დაიწყო 2008 წლის აგვისტომდე და დღემდე არ დასრულებულა, გავათავისუფლოთ სახელმწიფოს წინაშე არსებული ვალდებულებებისაგან, კერძოდ, დღგ-სა და K2 მოსაკრებლის გადახდისაგან", - ამის შესახებ პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა. მისი შეფასებით, მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ქვეყანაში სამშენებლო სექტორის შემდგომ განვითარებას და ამ დარგიდან დადებითი ეფექტების გადაცემას სხვა სფეროებზე, კერძოდ, სამშენებლო მასალების და სარემონტო მომსახურების სფეროებზე.

"ცნობილია, რომ 2008 წლის ფინანსურმა კრიზისმა და აგვისტოს ომმა მნიშვნელოვანი ნეგატიური გავლენა იქონია ქართულ სამშენებლო კომპანიებზე და ზოგადად სამშენებლო სექტორზე. საკრედიტო პირობების გამკაცრებამ და უძრავ ქონებაზე მოთხოვნის შემცირებამ ძალიან სერიოზული ზიანი მიაყენა სამშენებლო დარგს და შედეგად კომპანიებს სახელმწიფოს მიმართ მნიშვნელოვანი ვალდებულებები დაუგროვდათ, რაც მათ დღემდე ძალიან მძიმე ტვირთად აწვება და ბუნებრივია, ხელს უშლის ამ დარგის განვითარებას. ამიტომ მდგომარეობის გამოსწორების მიზნით ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ის სამშენებლო ობიექტები, რომელთა მშენებლობაც დაიწყო 2008 წლის აგვისტომდე და დღემდე არ დასრულებულა, გავათავისუფლოთ სახელმწიფოს წინაშე არსებული ვალდებულებებისგან. კერძოდ, დღგ-ს და კა2-ის მოსაკრებლის გადახდისგან. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ქვეყანაში სამშენებლო სექტორის გამოცოცხლებას, მის შემდგომ განვითარებას და ამ დარგიდან დადებითი ეფექტების გადაცემას სხვა სფეროებზე. კერძოდ, სამშენებლო მასალების და სარემონტო მომსახურების სფეროებზე. ამ პროექტის მნიშვნელოვანი ეფექტი იქნება შეჩერებული მშენებლობების დასრულების შემდეგ ქალაქის იერსახის გაუმჯობესებაც. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ქალაქის მერიასთან", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

საქართველოს პრემიერის თქმითვე, რამდენიმე თვეა, მთავრობის ეკონომიკური გუნდი მუშაობს რეგიონების განვითარების გეგმაზე.

"ჩვენ თითოეული რეგიონი დეტალურად შევისწავლეთ, აღვწერეთ მათი რესურსები და პოტენციალი. ჩვენ ვაპირებთ მარტის თვიდან დავიწყოთ ამ გეგმების პრეზენტაცია, ასევე ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ კერძო ბიზნესთან, კერძო სექტორთან და გვაქვს მოლოდინი, რომ მთავრობა და კერძო სექტორი ვითანამშრომლებთ, სუბსიდირებას გავუკეთებთ ძალიან ბევრ პროექტს რეგიონებში, რომელიც გამოიწვევს რეგიონების გამოცოცხლებას და სამუშაო ადგილების შექმნას. წელს ასევე ველოდებით, რომ პროგრამა "აწარმოე საქართველოში" მაქსიმალურად გავააქტიუროთ, რაც შეიძლება მეტი საწარმო შევქმნათ ერთობლივად. მთავრობა კიდევ ერთხელ აფიქსირებს, რომ ვართ აბსოლუტურად მოწოდებული, მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ კერძო სექტორს და შევქმნათ მეტი სამუშაო ადგილი", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

კომენტარები