ნედლეული

რუსეთმა აზიაში ნავთობის ექსპორტი გაზარდა

Andrey Rudakov / Bloomberg

Bloomberg-ის ცნობით რუსეთმა გასული წლის განმავლობაში ჩინეთში, სამხრეთ კორეასა და იაპონიაში ნავთობის გაყიდვები 25%-ით გაზარდა. რუსეთი დღეისათვის ნედლი ნავთობის მეორე უმსხვილესი ექსპორტიორია. რუსეთიდან ექსპორტირებული ნავთობი ძირითადად ჩინეთში გადამუშავდება.

ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) მონაცემების მიხედვით, წელს აზიის ბაზარი ნავთობის მოხმარების მოცულობით ჩრდილოეთ ამერიკის ბაზარს გაუსწრებს, რაც რუსეთის ეკონომიკას უკრაინის კონფლიქტის გამო დაწესებული სანქციების უმტკივნეულოდ გადალახვის საშუალებას მისცემს. რუსეთის უმსხვილესი სახელმწიფო ნავთობკომოანია Rosneft-ი წელს აზიის ბაზარზე ნავთობის მიწოდების 30%-ით ზრდას გეგმავს.

აზიის ბაზარზე რუსული ნავთობის ექსპორტის ზრდის ერთ-ერთი მიზეზი ტაიშეტი კოზმინოს ნავთობსადენის გახსნა იყო. კოზმინო წყნარი ოკეანის პორტია, საიდანაც ტანკერების მეშვეობით კორეისა და იაპონიის ბაზრებს მიეწოდება ნავთობი.

აზიის ბაზარზე ნავთობის მიწოდება სპარსეთის ყურის მწარმოებლებმაც გაზარდეს. გაზრდილი მიწოდების გამო კი აზიურ ბაზრებზე ნავთობის ფასი დასავლურ ფასებთან შედარებით დაბალია, რაც ამ რეგიონში ეკონომიკურ ზრდას ხელს უწყობს. აზიის რეგიონში გასულ წელს რუსეთმა 51 მილიონი ტონა ნედლი ნავთობი გაიტანა, თუმცა ის ამ რეგიონის მთავარი მიმწოდებელი არ არის. აზიის რეგიონში ნავთობის ძირითადი ექსპორტიორი სპარსეთის ყურის ქვეყნებია, რომელთაგანაც გასულ წელს აზიაში 178 მილიონი ტონა ნავთობის ექსპორტირება მოხდა. გასულ წელს ნედლი ნავთობის ფასი დაახლოებით 55%-ით შემცირდა, თებერვლის თვეში კი ფასებმა კვლავ მატება დაიწყო.თუმცა აზიის ბაზარი კვლავ იაფი ნედლი ნავთობით სარგებლობს. 

რუსეთისთვის დაწესებული სანქციების შესასუსტებლად რუსეთმა ნავთობის მოპოვებაც გაზარდა. დღეს რუსი მწარმოებლები ყოველდღიურად დაახლოებით ათ მილიონ ბარელ ნავთობს მოიპოვებენ.

კომენტარები