- დღეს საქართველოს პრეზიდენტმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი წარადგინა - გიორგი მარგველაშვილმა რამდენიმე კვირიანი განხილვის შემდეგ ყოფილი მოსამართლე ნინო გვენეტაძე შეარჩია. გვენეტაძე უზენაესი სასამართლოდან 2006 წელს დისციპლინარული გადაცდომისთვის გაათავისუფლეს, სწორედ ამის შემდეგ, მისი სიტყვებით მან ბრძოლა დაიწყო სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის. 2012 წლის არჩევნებამდე ის რესპუბლიკური პარტიის წევრი იყო, არჩევნების შემდგომ კი იმ კომისიის მუშაობაში იღებდა მონაწილეობას, რომელმაც ე. პოლიტპატიმრები გაათავისუფლა - მათ შორის საქართველოს სახელმწიფო წინააღმდეგ შეიარაღებული აჯანყების მონაწილეები.
- საქართველოს მთავარი პროკურატურა უკრაინის ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის გადმოცემას სთხოვს. პროკურატურა სპეციალურ განცხადებაში იმ ხელშეკრულებებზე მიუთითებს, რომლებიც ორ სახელმწიფოს შორისაა გაფორმებული და ძებნილი ადამიანების ექსტრადირების შესახებ თანამშრომლობას გულისხმობს.
აღსანიშნავია, რომ უკრაინაში ადეიშვილისა და სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირების შესახებ გადაწყვეტილება პროკურატურამ უნდა მიიღოს, გუშინ კი უკრაინის მთავარი პროკურორის მოადგილედ დავით საყვარელიძე, ზურაბ ადეიშვილის ყოფილი მოადგილე დაინიშნა. მიხეილ სააკაშვილი კი პრეზიდენტ პოროშენკოს საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს ხელმძღვანელობს.
- აბაშიძე- კარასინის მოლაპარაკებების ფორმატი განახლებულია - ზურაბ აბაშიძე და გრიგორი კარასინი ერთმანეთს პრაღაში თვის ბოლოს შეხვდებიან. საქართველოს წარმომადგენლის თქმით, განხილვის მთავარი თემა საქართველოსა და რუსეთს შორის 2011 წელს დადებული ხელშეკრულების ამუშავება იქნება - 4 წლის წინ საქართველო იმ პირობით დათანხმდა რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას, რომ ფსოუსა და როკის გვირაბის სასაზღვრო პუნქტებს საერთაშორისო , კერძო კომპანია დააკვირდება და გააკონტროლებს. ასეთი ორგანიზაცია ქვეყნებმა ერთად უნდა შეარჩიონ. აბაშიძის თქმით, ამჯერად არჩევანი შვეიცარულ კომპანიაზე შეჩერდა.
- რუსეთსა და აფხაზეთს შორის საზღვარი უნდა გაუქმდეს - ამის შესახებ სოხუმში ვლადიმირ პუტინის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვმა განაცხადა. სოხუმის რეჟიმის ლიდერთან შეხვედრისას სურკოვმა ე. წ. მოკავშირეობის ხელშეკრულებით რუსეთის მიერ აღებული ვალდებულებები დაადასტურა და სოხუმს შეთანხმებული თანხების გამოყოფას დაპირდა, რომლებიც აფხაზეთში სხვადასხვა პროექტებზე უნდა დაიხარჯოს. სულ მოსკოვი სოხუმს წელს 145 მილიონ დოლარს გამოუყოფს.
- რუსეთის საგარეო უწყებამ ხვალ მოსკოვში დაგეგმილ სამხრეთ ოსეთის ე. წ. საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. ოფიციალურიო მოსკოვი აღნიშნავს, რომ დავით სანაკოევი მოსკოვში ხელს მოაწერს შეთანხმებას სახელმწიფო საზღვრის შესახებ.
- რა მიზნით სწავლობს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური კომპანია უნი სტილის ფინანსურ საქმიანობას - კომპანია ძველი თბილისის გამგებლის ყოფილი მოადგილის მეუღლეს ნატალია ტლაშაძეს ეკუთვნის. ეს უკანასკნელი კი უწყებას ზეწოლაში ადანაშაულებს. ნატალია ტლაშაძის მტკცებით, მისი ფინანსური საქმიანობით მხოლოდ იმიტომ დაინტერესედნენ, რადგან მისმა მეუღლემ გიგი უგულავას წინააღმდეგ ჩვენება არ მისცა.
- შინაგან საქმეთა სამინისტრო შპს წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომელს თანხის მითვისებას ედავება - საუბარია 2 მილიონზე მეტ ლარზე. გამოძიება კომპანიის თანამშრომელს ეძებს, მისი მეუღლე კი უკვე დაკავებულია.
- თბილისის მერიაში ეხმაურებიან დოკუმენტს, რომლის მიხედვით შინაგან საქმეთა სამინისტრო მერიის მაღალჩინოსნების პირად საქმეებს ითხოვს. მოთხოვნა ჯოკია ბოდოკიას საქმეს უკავშირდება. მერიაში ამბობენ, რომ თამაზ ცერცვაძე და დავით მოდულაშვილი დროებით მოვალეობის შემსრულებლები იყვნენ და ეს უკანასკნელი უკვე გათავისუფლებულია თანამდებობიდან.
- დედაქალაქის მერიის ავტოპარკს ის კომპანია დააზღვევს, რომელიც ბიძინა ივანიშვილის სახელთან არის დაკავშირებული. თბილისის მერის ყოფილი მოადგილე კორუფციულ გარიგებაზე საუბრობს, ნარმანიას უწყება კი ბრალდებებს დისკრედიტაციის მცდელობას უწოდებს.
- ამერიკის შეერთებული შტატები რუსი ინტერვენტებისგან ცეცხლის შეწყვეტას მოითხოვს - თავის მხრივ პეტრო პოროშენკო ანგელა მერკელსა და ვლადიმირ პუტინს ესაუბრა, მათ მძიმე შეიარაღების დაშორიშორების გეგმა განიხილეს




