რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები

აბაშიძე: კარასინთან შეხვედრაზე WTO-ს თემაზე დადებულ შეთანხმებას განვიხილავთ

ზურაბ აბაშიძე

საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე აცხადებს, რომ გრიგორი კარასინთან დაგეგმილ შეხვედრაზე WTO-ს თემაზე დადებული ხელშეკრულების იმპლემენტაციის საკითხს განიხილავს. მისი თქმით, 2011 წელს გაფორმებულ ხელშეკრულებაზე მუშაობა პრაქტიკულად დასრულებულია და რუსულ მხარესთან უნდა შეჯერდეს, თუ როდის დაიწყება პრაქტიკული იმპლემენტაცია. 

"თვის ბოლოს, გაიმართება მორიგი შეხვედრა ქართულ-რუსული არაფორმალური დიალოგის ფარგლებში. ერთ-ერთი ცენტრალური საკითხი, რომელსაც იქ განვიხილავთ, გახლავთ ხელშეკრულება, რომელიც 2011 წელს გაფორმდა საქართველოსა და რუსეთს შორის - საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონტორინგის მექანიზმთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპების შესახებ. ამ დოკუმენტის იმპლემენტაციის მიზნით შერჩეულია შვეიცარიული კომპანია SGS, რომელმაც უნდა დააწესოს ტვირთების გადაზიდვაზე მონიტორინგი. 2011 წლის შემდეგ მიმდინარეობდა მუშაობა კონტრაქტის ტექსტზე. ეს კონტრაქტი უნდა გაფორმდეს საქართველოსა და შვეიცარიულ კომპანიას შორის, ასევე, რუსეთმაც ანალოგიურად უნდა გააფორმოს კონტრაქტი SGS-თან. გათვალისწინებულია, რომ უნდა შეიქმნას ერთობლივი კომიტეტი, რომელშიც შევლენ საქართველოს, რუსეთის და შვეიცარიის მხარეები. ის მუშაობა, რომელიც 2011 წლის შემდეგ მიმდინარეოდა, პრაქტიკულად დასრულებულია. ახლა უნდა შევჯერდეთ რუსულ მხარესთან, თუ როდის ვიწყებთ პრაქტიკულ იმპლემენტაციას, როდის ვაწერთ ხელს კონტრაქტებს შვეიცარიულ კომპანიასთან, როდის იქმნება კომიტეტი", - განაცხადა აბაშიძემ.

შეგახსენებთ, რომ როგორც საქართველოს რეფორმების ასოციაციის თანადამფუძნებელი სერგი კაპანაძე ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში აცხადებდა, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების თანხმობის სანაცვლოდ დადებული ხელშეკრულების იმპლემენტაციაზე მოლაპარაკებები ჩიხშია შესული და ეს ქართული მხარის მიზეზითაც ხდება. GRASS-ის ხელმძღვანელის განცხადებით, აღნიშნული ხელშეკრულება რომ ამოქმედებულიყო, ამ თემის გამოყენება შეიძლებოდა საერთაშორისო ასპარეზზე, რადგან აფხაზეთსა და რუსეთს შორის სოჭში გაფორმებული ე.წ. დოკუმენტი WTO-ს თემაზე დადებული კონტრაქტის დარღვევაც არის.

"ახლა რომ ე.წ. ხელშეკრულება გააფორმეს ოკუპირებულ აფხაზეთთან, იქ ერთ-ერთი სერიოზული თემაა საბაჟო ინტეგრაცია აფხაზეთში. ეს პირდაპირ კავშირშია ამ ხელშეკრულების დარღვევასთან, რომელიც ჩვენ გვაქვს რუსეთთან WTO-ში გაწევრიანების სანაცვლოდ დადებული. ეს ხელშეკრულება რომ ამოქმედებული ყოფილიყო, ჩვენ შეგვეძლო ამ თემის გამოყენება როგორც ჟენევაში ერთობლივ კომიტეტში, ისე თეორიულად შეგვეძლო გამოგვეყენებინა არბიტრაჟში. და დღეს, იმის გამო, რომ არაფერს არ ვაკეთებთ, ეს ინსტრუმენტები მთლიანად გვაქვს დაკარგული", - განაცხადა კაპანაძემ და აღნიშნა, რომ შვეიცარიული კომპანიის შემოსვლა კონტრაქტის დადებიდან რამდენიმე კვირაშიც კი შეიძლებოდა დაწყებულიყო.

"ჩვენ შევთანხმდით რუსეთთან ყველფერზე, რაც შეიძლება კონტრაქტში ყოფილიყო, დარჩენილი იყო მხოლოდ დეტალები და ტექნიკური ნაწილი. მხოლოდ რჩებოდა კონკრეტული ხელშეკრულების გაფორმება კომპანიასთან, რაც არის ტექნიკური საკითხი. ჩემი ღრმა რწმენით - და არ არსებობს ვინმე, ვინც გადამარწმუნებს - შესაძლებელია ეს მომხდარიყო რამდენიმე კვირაში, რადგან კონტრაქტის ძირითადი მონახაზიც შეთანხმებული იყო იმ მოლაპარაკების დროს. ამის მიუხედავად, გავიდა უკვე ორი წელი და ეს მოლაპარაკებები კონტრაქტთან დაკავშირებით, არ დამთავრებულა. ამის შედეგია ის, რომ კომპანია ორი წლის შემდეგ არ დგას თავის ადგილზე, კომპანია უნდა განლაგებულიყო ფსოუში, დაახლოებით იქ, სადაც როკის გირაბია, ლარსზე, ასევე სამხრეთითაც, კორიდორის მეორე მხარეს და ყველა ტვირთი, რაც შედიოდა ან გადიოდა ამ სავაჭრო კორიდორში, უნდა ყოფილიყო მონიტორინგის ქვეშ. ეს გვაძლევდა საშუალებას, რომ ჟენევაში, სადაც იქმნებოდა ერთობლივი კომიტეტი, იქ მიგვეღო ინფორმაცია ამ ვაჭრობასთან დაკავშირებით. იქ იქნებოდა კიდევ ცალკე საბრძოლო, რა ტიპის ინფორმაციას ვიღებთ, რამდენად დეტალურია და მერე როგორ ვეპყრობით ამ ინფორმაციას, მაგრამ მშვენიერი საერთაშორისო ინსტრუმენტი შევქმენით. ახლა გავიდა ორი წელი, არაფერი გაკეთებულა ამ მიმართულებით ძალიან სამწუხაროდ. გაისად ხელშეკრულებას ეწურება ვადა, ხელშეკრულებაში ჩადებულია, რომ ვადის ამოწურვის შემთხვევაში, თუ მხარეები წინააღმდეგები არ არიან, ის გაგრძელდება ავტომატურად, მაგრამ ეჭვი იმასთან დაკავშირებით არსებობს, რომ სამი წელი თუ ხელშეკრულებაში არაფერი არ მოხდა, ეს სამი წელი ხომ დავკარგეთ, რუსეთმა რომ დააყენოს საკითხი, რომ მას აღარ უნდა ამ ხელშეკრულების იმპლემენტაცია იმიტომ, რომ ქართული მხარე ითრევს ფეხს ამ წლების განმავლობაში, ჩვენ ძალიან გაგვიჭირდება ჩვენი პარტნიორების დარწმუნება, რომ რუსეთი დაადანაშაულო ხელშეკრულების შეუსრულებლობაში. დღეს, სამწუხაროდ, ჩვენი მიზეზის გამო მათ შორის, არ ვახდენთ ამ ხელშეკრულების იმპლემენტაციას", - განაცხადა კაპანაძემ.

კომენტარები