სავიზო რეგულაციები

ბოკერია: სავიზო რეგულაციებმა საქართველოს ეკონომიკა კიდევ უფრო უკან დასწია

თვეების წინ ვაფრთხილებდით მთავრობას, ენმ და ყველა ამ საკითხში ჩახედული ადამიანი, რომ სავიზო რეგულაცია დაარტყამს ეკონომიკას, საქართველოს მოქალაქეებს და მათ შემოსავალს, - განაცხადა ენმ-ის ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ.

ბოკერიას თქმით, მთავრობა ახლა აღიარებს, რომ ბრიყვული გადაწყვეტილება მიიღეს, ოღონდ ეს აღიარება მას შემდეგ მოხდა, რაც საქმე გაფუჭდა.

„ახლაც გვესმის უპასუხისმგებლო განცხადებები, რომ ეს ევროკავშირის მოთხოვნა იყო. ეს ტენდენციად იქცა, რომ ხელს იშვერენ ევროკავშირისკენ. ეს არის სრული სიცრუე და დოკუმენტებში ჩაუხედავადაც კი ადამიანს შეუძლია ლოგიკურად დაასკვნას, როგორ შეიძლება ევროკავშირი ითხოვდეს, მათ შორის, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის საქართველოში თავისუფლად ჩამოსვლის და ყოფნის შეზღუდვას“, - განაცხადა ბოკერიამ.  

„ამ ყველაფერში აღსანიშნავია ის, რომ მას შემდეგ, რაც აღიარებენ ამ ყველაფერს, მაინც არ არიან მზად გადადგან საჭირო ნაბიჯები ანუ გააუქმონ საკუთარი შეზღუდვები. ჩვენ ვაპირებთ ეს კანონპროექტი საჩქაროდ შევიტანოთ, იმიტომ რომ ზოგადად ეკონომიკური კრიზისი დაწყებულია და მივექანებით უფსკრულისკენ, რომელიც თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მტკივნეულად დაარტყამს“, - აღნიშნა ბოკერიამ.

ბოკერიას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ საკუთარი ბრიყვული გადაწყვეტილება აღიარა, მეორე ხელით მეწარმეებისთვის დამატებითი რეგულაციები შემოაქვს.

„ესეც დაარტყამს ეკონომიკას. ისეთ კრიზისშია უკვე ქვეყანა, რომ აუცილებელია იმ გეგმის განხორციელება, რომელიც ჩვენ, ნაციონალურმა მოძრაობამ წარვუდგინეთ საზოგადოებას - ანუ პირველ რიგში გადასახედების სწრაფად დაწევა, საშემოსავლოსი, დღგ-სი და აქციზის გადასახადის გაუქმება. სხვა გზა ახლა არ არსებობს დერეგულაციასთან ერთად, რათა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა გადავარჩინოთ“, - განაცხადა ბოკერიამ. 

კომენტარები