საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას არეულობის მოწყობის რესურსი არ აქვს. ამის შესახებ ივანიშვილმა კვირის პალიტრასთან ინტერვიუში თქვა.
"საქართველოს მოსახლეობა მინდა დავამშვიდო - მათ საამისო რესურსი არ გააჩნიათ. არეულობის მოწყობის მცდელობა და სურვილი რომ აქვთ, ეჭვი არავის ეპარება. მათი პროპაგანდის ორწლიან ანალიზსაც გავაკეთებთ და გაჩვენებთ, რომ იმავე არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელები როგორ ცდილობენ საზოგადოებისთვის სწორედ ცრუ ინფორმაციის მასირებულად მიწოდებას - თითქოს ეკონომიკა ინგრევა, იზრდება კრიმინალი და ა.შ. ეტაპებად დაყოფილს გაჩვენებთ, როგორ მუშაობდა აგიტაციის მანქანა, რომლის მიზანი ერთია - როგორმე საქართველოში ეკონომიკა დაინგრეს. ღმერთმა ნუ ქნას არეულობა, ეს ვერც მოხდება, თუმცა, არეულობის შემთხვევაშიც ნაციონალებს ხელისუფლებაში მოსვლის შანსი მაინც არა აქვთ. ქართველი ხალხი არ არის ისეთი ბრიყვი, როგორიც მათ ჰგონიათ, სააკაშვილს მეორედ თავზე არ დაისვამენ - ამის თეორიული შანსიც არ არსებობს. არეულობის მოწყობასაც ვერ მოახერხებენ, რადგან აბსოლუტურად პასუხისმგებლიანი მთავრობა და ხელისუფლება გვყავს, "ნაციონალებს" არა აქვთ არეულობის გამოსაწვევი რესურსი. თუმცა, ვიმეორებ, სურვილი აქვთ, საქართველო ცეცხლის ალში იწვოდეს, მაგრამ ვერ მიაღწევენ, საზოგადოება ტყუილად ნუ შფოთავს. ახლა უკრაინაში ნახეს თავშესაფარი, თუმცა, ვისურვოთ, რომ იქ მოვლენები პოზიტიურად განვითარდეს", - განაცხადა ივანიშვილმა.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, "არ დავუშვებთ არეულობას, რაც მოხდა უკრაინაში. ღმერთმა დაგვიფაროს, რომ იგივე საქართველოში განმეორდეს". ამის შესახებ გომელაურმა 5 თებერვალს, მთავრობის სხდომის დაწყებამდე თქვა.
"არის, რა თქმა უნდა, სხვადასხვა ინფორმაცია. არ დავუშვებთ არეულობას.. ნაციონალური მოძრაობა იქნება თუ სხვა მოძრაობა, მნიშვნელობა არ აქვს, არ დავკონკრეტდები ამ შემთხვევაში. რა თქმა უნდა, არ დავუშვებთ არეულობას, რაც მოხდა უკრაინაში. ღმერთმა დაგვიფაროს, რომ იგივე საქართველოში განმეორდეს, სანამ ჩვენ ვართ. რაღაც მცდელობები არის, რა თქმა უნდა, უნდათ სხვადასხვა ძალებს არეულობის გამოწვევა", - აღნიშნა მინისტრმა.





