რუსეთთან მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ე.წ. ხელშეკრულება

სანაკოევი: 18-ში მოსკოვთან სახელმწიფო საზღვრის შესახებ შეთანხმება გაფორმდება

დავით სანაკოევი
alansalbiev.livejournal.com

სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის დავით სანაკოევის განცხადებით, 18 თებერვალს მოსკოვში სამხრეთ ოსეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის სახელმწიფო საზღვრის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდება. მისივე განმარტებით, ის მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს შეხვდება, სადაც ორმხრივი ურთიერთობებისა და რეგიონალური მდგომარეობის საკითხებს განიხილავენ. 

"ეს შეეხება საქართველოში NATO-ს ინტერესების გაღრმავებას და იქ საწვრთნელი ბაზების გახსნას. ეს ყველაფერი ხელს შეუშლის სტაბილურობას, ამიტომ ჩვენ უნდა მივიღოთ შესაბამისი ზომები როგორც სამხრეთ ოსეთის, ასევე რუსეთის უსაფრთხოების ასამაღლებლად. ყველა ეს საკითხი იქნება განხილული სერგეი ლავროვთან შეხვედრაზე. ასევე, შესაძლოა მივიღოთ გარკვეული გადაწყვეტილებებიც" - განაცხადა სანაკოევმა.

სანაკოევის განმარტებით, ლავროვთან ასევე ჟენევის მოლაპარაკებების შესახებაც იმსჯელებენ, ასევე განიხილავენ პროექტს ინტეგრაციისა და მოკავშირეობის შესახებ.

"ჩვენ ასევე განვიხილავთ გარკვეულ საკითხებს, რომლებიც მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულებას უკავშირდება, რომელიც ამ ეტაპზე რუსეთთან შეთანხმების პროცესშია. უახლოეს მომავალში ხელშეკრულების შესახებ რუსეთისგან გარკვეულ წინადადებებს მივიღებთ. ხელმოწერის შემდეგ რადიკალური ცვლილებები არ არის მოსალოდნელი. ერთადერთი კურსი, რომელიც ჩვენმა ხალხმა აირჩია, რუსეთთან დაახლოება და ჩვენს მთავარ პარტნიორთან ყველა სფეროში თანამშრომლობაა. ამ გზაზე, რა თქმა უნდა, არაერთი სირთულე გვხვდება, რომელსაც პირველ რიგში საქართველო და მისი ევროპელი პარტნიორები გვიქმნიან. ამ მიზეზით ჩვენ ჯერ არ შეგვიძლია თქვენთვის ჩვენი მუშაობის კონკრეტული შედეგების გაცნობა" - განუცხადა ჟურნალისტებს სანაკოევმა. 

შეგახსენებთ, რომ მსგავსი დოკუმენტი რუსეთმა სექტემბერში აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებასთანაც გააფორმა, რომელიც საერთო შეიარაღებული ძალების შექმნას,ფსოუზე საზღვრის გაუქმებას და რუსეთს მიერ აფხაზეთში სხვადასხვა სფეროების დაფინანსებას ითვალისწინებს.

კომენტარები