კრიზისი უკრაინაში

მოლაპარაკება მინსკში 14 საათზე მეტია, გრძელდება

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია

მოლაპარაკებები მინსკში უკვე 14 საათზე მეტია, გრძელდება. რუსული სააგენტოების მიერ დღეს დილით გავრცელებული ცნობა იმის შესახებ, რომ შეხვედრა დასრულდა, მოგვიანებით დიპლომატებმა უარყვეს. უკრაინის, რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტები და გერმანის კანცლერი ხანმოკლე შეხვედრების შემდეგ მოლაპარაკებების მაგიდას დაუბრუნდნენ. როგორც დღეს დილით უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რუსეთი მიუღებელ მოთხოვნებს აყენებს, თუმცა წარმატების იმედი ჯერ კიდევ არსებობს. მედიის ცნობით, მხარეები დოკუმენტს შეიმუშავებენ, რომელიც სამმხრივ საკონტაქტო ჯგუფს უნდა გადაეცეს. ვრცელდება ცნობა, რომ მოლაპარაკების მონაწილეები ერთობლივ პრესკონფერენციას არ ჩაატარებენ, ისინი მხოლოდ ერთობლივი განცხადებით გამოვლენ.

უკრაინის, რუსეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერები მინსკში გუშინ საღამოს ჩავიდნენ. შეხვედრა დახურულ ფორმატში გუშინ საღამოს დაიწყო და ხანმოკლე შესვენებებით მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა. პირისპირ მოლაპარაკების შემდეგ ლიდერებმა დიალოგი გაფართოებულ ფორმატში, საგარეო უწყებების ხელმძღვანელთა მონაწილეობით გააგრძელეს. შემდეგ კი კვლავ ვიწრო ფორმატს დაუბრუნდნენ.

Associated Press-ის ცნობით, კამათი შეთანხმების ოთხი პუნქტის გარშემო მიმდინარეობდა. პირველი მათგანი გამყოფი ხაზია, რომლის დაფიქსირებას უკრაინა სექტემბრის, რუსეთი კი დღევანდელი მდგომარეობით მოითხოვს. მოსკოვი ასევე უარყოფს უკრაინის ტერიტორიაზე საკუთარი ჯარების და ტექნიკის ყოფნას და მათი გაყვანის პირობის დადებაზე უარს ამბობს. ასევე უთანხმოება იყო საზღვრის კონტროლისა და რეგიონის სტატუსის თაობაზე.

კომენტარები