- გამოძიების ფედერალურმა ბიურომ პრემიერ ჟვანიასა და ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილის რაულ უსუპოვის დნმ-ის კვალი ხალათზე, ზეწრებსა და ბალიშის პირზე აღმოაჩინა. რაც შეეხება სიკვდილის გარემოებების, ეფბიაის დასკვნა გამოძიების თავდაპირველ ვერსიას ემთხვევა. ამ საკითხზე დღეს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა რიჩარდ ნორლანდმაც ისაუბრა - მისი თქმით, თუ საქართველოს მთავრობა გამოძიების ფედერალური ბიუროს საქმეზე ახალს ინფორმაციას წარუდგენს, FBI მზადაა, ეს მასალებიც გამოიკვლიოს.
- ეროვნულმა ბანკმა საქართველოში მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა - რეფინანსირების განაკვეთი გაიზრდება, რაც ნიშნავს, რომ მოსახლოების ნაწილს სესხის ღირებულება გაეზრდება. დღესვე ეროვნულმა ბანკმა 40 მილიონი დოლარი გაყიდა, რამაც მცირედით გაამყარა ლარი.
- რუსთავის ციხის დირექტორი სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დააკავეს. გიორგი ელიზბარაშვილს ბრალად პატიმართა გარკვეული ჯგუფისთვის განსაკუთრებული უფლებების მინიჭება ედება. დაკავებულის ადვოკატის თქმით, ბრალი უსაფუძვლოა.
- რუსეთის პრეზიდენტი დღეს მინსკში ჩავა. აქ ე. წ. ნორმანდიის ჯგუფის მოლაპარაკებებია დაგეგმილი. მინსკში ლიდერები ახალი სამშვიდობო გეგმის დეტალებს განიხილავენ. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინი თვლის, რომ მინსკის მოლაპარაკება გადამწყვეტი იქნება.
- საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რუსული ტელეკომპანია დოჟდისთვის მიცემულ ინტერვიუში ადასტურებს, რომ მიმდინარეობს კონსულტაციები უკრაინის ხელისუფლებასთან ანტიკორუფციული სამსახურის ხელმძღვანელად მისი დანიშვნის შესახებ.
- ერთიანი ნაციონალური მოძრაობა თბილისის მერიაში არსებულ კორუფციულ გარიგებებზე საუბრობს. საკრებულოს უმცირესობის წევრების თქმით, ტენდერების გარშე ხელშეკრულბებების გაფორმება ტრადიციად იქცა, რითად ბიუჯეტიდან ასიათასობით ლარი იფლანგება.




