უკრაინის კრიზისი

უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების ქრონიკა, 11 თებერვალი

facebook.com/ato.news

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ დღეს, 11 თებერვალს განაცხადა, რომ გუშინ დებალცევოსთან უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რამდენიმე წარმატებული ოპერაცია განახორციელეს. კერძოდ, მისი თქმით, სამხედროებმა ორი დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს. პრეზიდენტის განცხადების განმარტებისას ანტიტერორისტული ოპერაციის შტაბის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სამხედროებმა სოფელი ლოგვინოვო გაათავისუფლეს, რომელიც დებალცევოსა და არტემოვსკის შემაერთებელ მთავარ გზაზე მდებარეობს და რომლის დაკავების შემდეგ სეპარატისტებმა დებალცევოს სრული ალყის შესახებ განაცხადეს. ასევე, მისი თქმით, ანტიტერორისტული ოპერაციის ძალები აკონტროლებენ გზაჯვარედინს ტრასაზე, ე. წ. „დებალცევოს ჯვარს".

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა სტეპან პოლტორაკმა კი ინფორმაციას დებალცევოს ალყის შესახებ სისულელე უწოდა.

ჯგუფ „საინფორმაციო წინააღმდეგობის" ცნობით, პრორუსმა სეპარატისტებმა, უკრაინული ძალების საარტილერიო დარტყმების შედეგად, ლოგვინოვოდან ორი მიმართულებით უკან დაიხიეს - სოფელ ნოვოგრიგოროვკასა და სოფელ ნიჟნი ლოზოვიოეს მიმათულებით. თუმცა, მოწინააღმდეგეს კვლავაც აქვს შესაძლებლობა გზის ზოგიერთ მონაკვეთზე ცეცხლი გაუხსნას ტრანსპორტს და დივერსიულ- სადაზვერვო ჯგუფების საშუალებით თავდასხმები განახორციელოს.

უმაღლესი რადას დეპუტატი, ბატალიონ დონბასის ყოფილი მეთაური სემენ სემენჩენკო კი აღნიშნავს, რომ სოფელო ლოგვინოვო კვლავაც მოწინააღმდეგის ხელშია და მისი გათავისუფლების მცდელობა ჯავშანტექნიკისა და ეროვნული გვარდიის ერთი ოცეულის ძალებით უშედეგო გამოდგა. ამავე დროს სემენჩენკო ამტკიცებს, რომ დებალცევოს დაჯგუფება ალყაში მოქცეული არ არის, რადგან მთავარი ტრასის გარდა მისი მომარაგებისთვის ალტერნატიული გზებიც რჩება.

ანტიტერორისტული ოპერაციის სპიკერის ანდრი ლისენკოს განცხადებით, სეპარატისტებმა დებალცევოში განლაგებულ უკრაინელ სამხედროებზე შეტევა ორჯერ სცადეს, თუმცა იერიშები მოგერიებულია.

დებალცევოს გარშემო ბრძოლაში რუსი სამხედროები მონაწილეობენ - ამის შესახებ ევროპაში NATO-ს სახმელეთო ძალების სარდალმა გენერალმა ბენ ჰოჯესმა განაცხადა. მისი თქმით, ამაზე ბრძოლაში გამოყენებული შეიარაღებისა და აღჭურვილობის ტიპი და რაოდენობა მეტყველებს. მისი თქმით, რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინის საზღვართან 10-მდე რუსული ბატალიონია კონცენტრირებული.

მარიუპოლის მიმართულებით ბატალიონი აზოვი შეტევით ბრძოლას განაგრძობდა საჰანოვკის მიმართულებით და შიროკინოს აღმოსავლეთით ნოვოაზოვსკის მიმართულებით. განადგურებულია სეპარატისტთა ბლოკ-საგუშაგოები. თუმცა აზოვმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე განათავსა განცხადება იმის შესახებ, რომ შეტევისთვის საწვავი არ ჰყოფნის და მოქალაქეთა თანადგომა სჭირდება.

ანტიტერორისტული ოპერაციის შტაბი ადასტურებს, რომ აზოვის და შეიარაღებული ძალების მებრძოლები ინარჩუნებენ კონტროლს წინა დღეს გათავისუფლებულ დასახლებულ პუნქტებზე - შიროკინოზე, კომინტერნოვოზე, ბერდიანსკოეზე, ლებედინსკოეზე და პიშევიკზე.

ჯგუფი „საინფორმაციო წინააღმდეგობა" კი აღნიშნავს, რომ მარიუპოლის აღმოსავლეთით შეტევის შედეგად უკრაინულმა ძალებმა 7-10 კილომეტრით წინ წაიწიეს. მოწინააღმდეგემ მათი შეჩერება საარტილერიო ცეცხლით სცადა. თუმცა, სეპარატისტების მოწინავე ძალები ამ მიმართულებაზე ფაქტობრივად განადგურდა - მათ ოთხი ქვემეხი და 5 ერთეული ჯავშანტექნიკა დაკარგეს.

გვიან ღამით ტერორისტებმა ლუგანსკის ოლქის ქალაქი სჩასტიე დაბომბეს, რამდენიმე ჭურვი საავადმყოფოს ტერიტორიაზე ჩამოვარდა. დაბვო,ბვუი შედეგად არავინ დაშავებულა.

უკრაინული გენერალური შტაბის ინფორმაციით, სულ დღე-ღამის განმავლობაში 19 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა.

კომენტარები