სასჯელაღსრულების სამინისტრო

ადვოკატი: რუსთავის ციხის ყოფილი დირექტორი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს

სასჯელაღსრულების #17 დაწესებულების ყოფილი დირექტორი გიორგი ელიზბარაშვილი ბრალდებას არ აღიარებს. ამის შესახებ სააგენტო ინტერპრესნიუსს ელიზბარაშვილის ადვოკატმა თამარ აბესაძემ განუცხადა. ადვოკატის ინფორმაციით, ბრალდების მხარის მტკიცებით, მიმდინარე წლის 1 იანვარს, გიორგი ელიზბარაშვილმა დაწესებულების ტერიტორიაზე თავისუფალი გადაადგილების უფლება მიანიჭა პატიმრებს, რომლებმაც ამავე დაწესებულებაში განთავსებული მსჯავრდებული გ.მ აწამეს. 

თამარ აბესაძის ცნობით, გიორგი ელიზბარაშვილი ციხის დირექტორის თანამდებობიდან დაახლოებით ერთი თვის წინ, სწორედ ამ ფაქტთან დაკავშირებით გაათავისუფლეს. ადვოკატის თქმით, ელიზბარაშვილი დანაშაულის დროს ციხეში არ იმყოფებოდა. ამასთან, აბესაძის განცხადებით, იქიდან გამომდინარე, რომ #17 დაწესებულება ნახევრად ღია ტიპის არის, პატიმრების სრული იზოლირების საჭიროება არ იყო. ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი მოდულის შენობის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. გიორგი ელიზბარაშვილს ბრალს დღის მეორე ნახევარში ოფიციალურად წარუდგენენ. 

სასჯელაღსრულების სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტმა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით, რუსთავის ციხის დირექტორი გიორგი ელიზბარაშვილი დღეს დააკავა

"1-ელ იანვარს სასჯელაღსრულების მე-17 დაწესებულებაში ადგილი ჰქონდა მსჯავრდებულთა მხრიდან ასევე მსჯავრდებულებზე ძალადობის შემთხვევას. შვიდი მსჯავრდებულის მიმართ დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა. ისინი პასუხისგებაში მიეცნენ სსკ-ის 144-ე მუხლის მეორე ნაწილით. ასევე გაცნობებთ, რომ მოცემულ ფაქტთან დაკავშირებით სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაკავებულია მე-17 დაწესებულების დირექტორი. საქმეზე გამოძიება გრძელდება სსკ-ის 332-ე და 144-ე მუხლებით, ინციდენტში მონაწილე ყველა პირი კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება", - აცხადებენ სასჯელაღსრულების სამინისტროში და არ აკონკრეტებენ, რაში გამოიხატა რუსთავის ციხის დირექტორის მხრიდან უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. 

კომენტარები