სასჯელაღსრულების სამინისტრო

რუსთავის ციხის დირექტორი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის დააკავეს

სასჯელაღსრულების სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტმა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით, რუსთავის ციხის დირექტორი გიორგი ელიზბარაშვილი დააკავა. ამის შესახებ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

"1-ელ იანვარს სასჯელაღსრულების მე-17 დაწესებულებაში ადგილი ჰქონდა მსჯავრდებულთა მხრიდან ასევე მსჯავრდებულებზე ძალადობის შემთხვევას. შვიდი მსჯავრდებულის მიმართ დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა. ისინი პასუხისგებაში მიეცნენ სსკ-ის 144-ე მუხლის მეორე ნაწილით. ასევე გაცნობებთ, რომ მოცემულ ფაქტთან დაკავშირებით სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაკავებულია მე-17 დაწესებულების დირექტორი. საქმეზე გამოძიება გრძელდება სსკ-ის 332-ე და 144-ე მუხლებით, ინციდენტში მონაწილე ყველა პირი კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება", - აცხადებენ სასჯელაღსრულების სამინისტროში.

სამინისტროს განცხადებაში არ არის განმარტებული, კონკრეტულად რატომ ედავებიან სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას. აღსანიშნავია, რომ ბრიფინგამდე გავრცელდა ინფორმაცია, სადაც ციხის დირექტორს პატიმრის წამებაში ადანაშაულებდნენ.

კომენტარები