კრიზისი უკრაინაში

ქალაქ დონეცკში ავტოსადგური დაბომბეს

protothema.gr

დღეს დილით ქალაქ დონეცკში, რომელსაც სეპარატისტები აკონტროლებენ, ავტოსადგური დაიბომბა. ჭურვები ორ სამგზავრო ავტობუსს მოხვდა. წინასწარი ინფორმაციით, არიან დაღუპულები და დაჭრილები.

ამასთან, უკრაინელი სამხედროები დებალცევოსთან სეპარატისტების წინააღმდეგ კონტრშეტევას განაგრძობენ. უკრაინული წყაროების ცნობით, სეპარატისტებმა, რომლებიც დებალცევოს ალყაში მოქცევის მიზნით მთავარი ტრასის ბლოკირებას ცდილობდნენ, უკან დაიხიეს. თუმცა, უსაფრთხო მოძრაობა ჯერ არ არის აღდგენილი. მარიუპოლის აღმოსავლეთით განხორციელებული შეტევის შემდეგ უკრაინული ძალები გუშინ დაკავებულ პოზიციებს ინარჩუნებენ. 

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ კი, გუშინ დაბომბილი ქალაქი კრამატორსკი მოინახულა. მან ქალაქისთვის მიყენებული დაზიანებები  დაათვალიერა და საავადმყოფოში დაშავებულებს შეხვდა. ბოლო მონაცემებით, მსხვილკალიბრიანი ზალპური ცეცხლის დანადგარებიდან დაბომბვის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა, 60-მდე დაშავდა. 10 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა. 

"ისინი ბარბაროსები და მკვლელები არიან. მათ მშვიდობიანი ქალაქის ცენტრი დაბომბეს. ყველამ ნახა, რომ რაკეტები პირდაპირ ქალაქის ცენტრში ეცემოდა, ანგრევდა სახლებს და კლავდა ადამიანებს. აქვე პალატაში პატარა ბიჭი წევს, 3 წლის. ექიმებმა მისი ხელი გადაარჩინეს, დედამისი კი, რომელიც მას გადაეფარა, დაიღუპა. ჩვენ უნდა დავიცვათ მშვიდობა, ეს ქალაქი და მთელი უკრაინა. მივემგზავრები მინსკში, სადაც მოვითხოვ ყოველგვარი წინაპირობის გარეშე ცეცხლის შეწყვეტას, ჯარების გაყვანას და პოლიტიკური დიალოგის დაწყებას. უკრაინის საზღვარი საიმედოდ უნდა იყოს დაცული და უცხო ქვეყნის ჯარებმა უნდა დატოვონ ქვეყანა, მათ აქ არაფერი ესაქმებათ", - განაცხადა პოროშენკომ.

ეუთოს დამკვირვებელთა დასკვნით, ქალაქი 300 მილიმეტრის კალიბრის ჭურვებით, სმერჩის ან ტორნადოს ტიპის დანადგარიდან დაბომბა. მისიის წევრების დასკვნით, სროლა სამხრეთ-აღმოსავლეთიდან, ანუ სეპარატისტთა კონტროლირებადი ტერიტორიიდან მიმდინარეობდა.

კომენტარები