- უზენასი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატების სია ცნობილია. 26 კანდიდატს შორის 2 დეპუტატია - შალვა შავგულიძე თავისუფალი დემოკრატებიდან და ზაქარია ქუცნაშვილი ქართული ოცნებიდან. მმართველი გუნდის დეპუტატის კანდიდატურა საინიციატივო ჯგუფებმა წარადგინეს და ქუცნაშვილი ირწმუნება, რომ ეს საპარლამენტო უმრავლესობასთან არ შეუთანხმებია, თუმცა პრემიერმა მისი გადაწყვეტილების შესახებ იცის. ეს ყველაფერი მაშინ, როცა ერთერთი შესარჩევი კრიტერიუმი, რომელსაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია კონსულტაციების შემდეგ ასახელებს, კანდიდატის პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფლებაა.
- იანვარში მედიკამენტების ფასები 7,3%-ით გაიზარდა - წამლების გარდა ფასების ზრდა შეინიშნება სურსათის, როგორც ალკოჰოლური ასევე არაალკოჰოლური სასმელის ფასებზე . ფასების ზრდის მიზეზები ლარის გაუფასურება და სახელმწიფოს მხრიდან რამდენიმე პროდუქტზე აქციზის გადასახადის გაზრდაა.
- ეკა ბესელიას ინიციატივით, პარლამენტში ორი ახალი სამუშაო ჯგუფი იქმნება, ერთი „უკანონოდ ჩამორთმეული ქონების" საკითხებზე იმუშავებს და მას გედევან ფოფხაძე უხელმძღვანელებს, მეორე კი ადამიანის უფლებათა დარღვევების საქმეებზე შეგროვებულ მასალებს პროკურატურის სპეციალურ დეპარტამენტს გადაუგზავნის. ამ ჯგუფს თავად კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია უხელმძღვანელებს. თავის მხრივ, პროკურატურა ამბობს, რომ მან დაასრულა იძულებით დათმობილ ქონებაზე შესული საჩივრების შესწავლა.
- თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს სამედიცინო ექსპერტი ლევან ჩაჩუა დაკითხეს. ექსპერტმა, რომელმაც ზურაბ ჟვანის ცხედარი გაკვეთა, ჩვენების დროს 2005 წლის 3 თებერვლის მოვლენები გაიხსენა. როგორც ჩაჩუამ განაცხადა, მას ექსპერტიზის ჩატარება პირადად ლევან სამხარაულმა დაავალა და სწორედ მას აცნობა, რომ სავარაუდოდ ადგილი ჰქონდა ნახშირბადით მოწამვლის ფაქტს. ჩაჩუას ადვოკატის თქმით, მისი ჩვენება ბრალდების მიერ წარმოდგენილი სხვა მოწმეების ჩვენებებს სრულად აბათილებს, პროკურორი კი დარწმუნებულია, რომ ამ ჩვენებით ჩაჩუამ აღიარა, რომ ის საქმიანობას არაჯეროვნად ასრულებდა.
- ლუდზე აქციზის გაძვირების შედეგებზე სპეციალური კვლევა გამოქვეყნდა - კვლევის მიხედვით, ეს ცვლილება ფასის გაძვირებასა და სამუშაო ადგილების შემცირებას გამოიწვევს. ფინანსთა სამინისტროში კი ამბობენ, რომ აქციზის 100%-ით ზრდა იგეგმებოდა თუმცა ლუდის მწარმოებელ კომპანიებთან დიალოგის შემდეგ აქციზი მხოლოდ 50% ით გაიზარდა.




