რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი

გერმანია და აშშ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ძალაში დატოვებას მხარს უჭერენ

Foxnews

გერმანია და შეერთებული შტატები რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების ძალაში დატოვებას უჭერენ მხარს, - ამის შესახებ ანგელა მერკელთან შეხვედრის შემდეგ ბარაკ ობამამ განაცხადა.

შეერთებული შტატების პრეზიდენტის თქმით, საერთაშორისო თანამეგობრობა პრობლემის დიპლომატიური გზით მოგვარებას უჭერს მხარს, თუმცა თუ მოსკოვი პოლიტიკას არ შეცვლის, მისი საერთაშორისო იზოლაცია გაძლიერდება.

ამავე დროს, ბარაკ ობამამ აღნიშნა, რომ თეთრ სახლს ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება უკრაინისთვის თავდაცვითი შეიარაღების მიწოდების შესახებ და ეს მინსკში ხვალ დაგეგმილი მოლაპარაკებების შედეგებზე იქნება დამოკიდებული. მისი თქმით, მთავარი ამოცანა დღეისთვის უკრაინაში რუსული შეტევის შეჩერებაა.

“იმ შემთხვევისთვის, თუ დიპლომატია შედეგს ვერ გამოიღებს, ვთხოვე ჩემს გუნდს, ყველა შესაძლო ვარიანტი განეხილა. ერთ-ერთი შესაძლო ვარიანტი თავდაცვითი შეიარაღების მიწოდებაა. ეს ერთ-ერთი ვარიანტია, რომლის შესწავლა მიმდინარეობს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია”, – განაცხადა ობამამ.

ანგელა მერკელის განცხადებით კი, აშშ-ისა და ევროპის კავშირი ურყევია.

„რაც შეეხება შეიარაღების ექსპორტს, ჩემი აზრი უკვე გამოვთქვი. მაგრამ შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ იმის მიუხედავად, რას გადავწყვეტთ, კავშირი შეერთებულ შტატებსა და ევროპას შორის ურყევი იქნება. იმის მიუხედავად, რომ რაღაც საკითხებზე შესაძლოა ვერ შევთანხმდეთ. როგორც ევროპის წარმომადგენელს, შემიძლია ვთქვა, რომ თუ უარს ვიტყვით სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპზე, ევროპაში მშვიდობისა და წესრიგის დაცვას ვეღარ შევძლებთ. ეს უმნიშვნელოვანესი მომენტია და ჩვენ ამაზე უარს ვერ ვიტყვით. რუსეთმა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა ჯერ ყირიმში, შემდეგ კი დონეცკსა და ლუგანსკის ოლქებში დაარღვია“, - განაცხადა მერკელმა.

ვითარება უკრაინის აღმოსავლეთში გართულდა. სამშვიდობო მოლაპარაკებების მიუხედავად, პრორუსი სეპარატისტები რუსულ რეგულარულ ძალებთან ერთად შეტევას განაგრძობენ. გუშინ მათ სოფელი ლოგვინოვო დაიკავეს, რომელიც დებალცევოსა და არტემოვსკის შემაერთებელ მთავარ გზაზე მდებარეობს. სეპარატისტების მტკიცებით, ამით მათ ფაქტობრივად ქალაქ დებალცევოს ალყაში მოქცევა დაასრულეს. დებალცევოში 6-დან 8 ათასამდე უკრაინელი სამხედრო იმყოფება. სეპარატისტების მიერ მთავარი გზის გადაჭრას ადასტურებენ უკრაინული წყაროებიც. მათი მტკიცებით, დებალცევოსთან დამაკავშირებელ ალტერნატიულ გზებზე კონტროლისთვის ბრძოლა ჯერ კიდევ გრძელდება.

 

კომენტარები