ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეს თემის ყოფილი და მოქმედი რწმუნებულები, ასევე ერთი მოქალაქე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. მათ ბრალად სახელმწიფოს კუთვნილი, დიდი ოდენობით თანხის დაუფლება, სამსახურებრივი სიყალბე და ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენება ედებათ.
"დადგენილია, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა განიზრახა აჭარის შემოვლითი გზის მშენებლობის არეალში მოხვედრილი მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ, მოსახლეობისთვის საკომპენსაციოდ გამოყოფილი თანხის მოტყუებით დაუფლება, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეს თემის ყოფილი და მოქმედი რწმუნებულების დახმარებით დაამზადა მიწის ფლობის ყალბი ოფიციალური დოკუმენტები, რის საფუძველზეც საავტომობილო გზების დეპარტამენტისგან მოტყუებით მიიღო დიდი ოდენობით თანხა", - აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე, 341-ე, 342-ე და 362-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.





