რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა

ღარიბაშვილი: მსოფლიომ 2008 წლის კონფლიქტს საკმარისი ყურადღება არ მიაქცია

2008 წლის კონფლიქტს მსოფლიომ საკმარისი ყურადღება არ მიაქცია - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიუნხენის უსაფრთხოების 51-ე კონფერენციაზე განაცხადა.

ღარიბაშვილის თქმით, უკრაინასთან მიმართებაში საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიცია უფრო ძლიერია, ვიდრე ეს 2008 წელს საქართველოსთან მიმართებაში იყო. მისი განცხადებით, არის თუ არა ეს პოზიცია საკმარისად ძლიერი ამის შედეგებს დრო გვაჩვენებს. პრემიერმინისტრის თქმით საქართველოსთან მიმართებაში იგივეს თქმა რთულია.

ღარიბაშვილის თქმით მსოფლიომ უბრალოდ დაივიწყა საქართველოს პრობლემა, მისი განცხადებით მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ უკრაინის კრიზისი 2008 წლის აგვისტოში დაიწყო, რადგან მაშინ საერთაშორისო თანამეგობრობის რეაქცია სათანადო არ იყო.

„დღეს მთელი მსოფლიო უკრაინის კრიზისზეა ფოკუსირებული და ჩვენც ძალიან შეშფოთებული ვართ ამ კრიზისით, მაგრამ უკრაინამდე იყო საქართველო, ჯერ კიდევ 6 წლის წინ 2008 წელს. მსოფლიოს რომ საკმარისი ყურადღება მიექცია 2008 წლის კონფლიქტისთვის, თავიდან ავიცილებდით უკრაინის კონფლიქტს. გვახსოვს, რომ მაშინ არავის დაუწესებია ეკონომიკური სანქციები რუსეთისთვის და საერთაშორისო საზოგადოების რეაქცია სათანადო არ იყო და უკრაინის კრიზისი არის ამის შედეგი“ - განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერმინისტრის განცხადებით საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ რუსეთისადმი მიდგომა შეცვალა, თუმცა ამას პოლიტიკური ნიშნით პროგრესი არ მოუტანია.

„როცა ხელისუფლებაში მოვედით სრულიად შევცვალეთ რუსეთის მიმართ მიდგომა. პუტინი ამბობდა, რომ მათ ვერ შეძლეს ყოფილ პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან მოლაპარაკება. ხელისუფლება შეიცვალა და ყოფილმა პრემიერმა ივანიშვილმა წამოიწყო პირდაპირი დიალოგის ფორმატი რუსეთის ხელისუფლებასთან. ჩვენ ვაჩვენეთ მსოფლიოსა და რუსეთს, რომ ჩვენ ვართ კონსტრუქციული ხალხი,  კონსტრუქციული მთავრობა. ჩვენ გვსურს მშვიდობა და ნორმალური ურთიერთობა რუსეთთან. ამისთვის ერთმანეთისგან გავყავით პოლიტიკური, სავაჭრო და ეკონომიკური საკითხები. გარკვეული გაუმჯობესება არის ეკონომიკურ, სავაჭრო და კულტურის სფეროებში, მაგრამ პოლიტიკურ მხარეს არავითარი პროგრესი არ ყოფილა. ჩვენ არაერთი ნაბიჯი გადავდგით სიტუაციის დეესკალაციისკენ, სულ ცოტა პრობლემებზე ლაპარაკის დასაწყებად მაინც. მაგრამ, რუსებმა ორი თვის წინ ახალ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი აფხაზეთთან და მსგავსი დოკუმენტის გაფორმებას აპირებენ ოსეთთან. რუსეთმა ჩვენს კონსტრუქციულ პოლიტიკას მსგავსად არ უპასუხა, ამიტომ ჩვენთვის ძნელია იმის თქმა კიდევ რა ნაბიჯს გადადგამს ის“ - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილის აზრით, უკრაინის კონფლიქტის მოგვარების ერთადერთი გზა მშვიდობიანი მოლაპარაკებებია და ამას ალტერნატივა არ აქვს. 

კომენტარები