- ლარი გაუფასურებას კვლავ განაგრძობს - ხანმოკლე შედარებითი გამყარების შემდეგ დღეს საღამოს ბანკთაშორის სავალუტო ვაჭრობაზე საქართველოს ეროვნულმა ვალუტამ დოლართან მიმართებაში 2 ლარის ზღვარი კვლავ გადალახა - ერთი ამერიკული დოლარი 2.03 ლარი ღირს. ეს კურსი ძალაში ხვალიდან შევა. დღეს ლარის კურსი მთელი 1%-ით, ანუ ორი თეთრით გაუფასურდა, რაც გაუფასურების საკმაოდ სწრაფი ტემპია.
- ნავთობპროდუქტების 7 კომპანიაში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური გადასახადებისგან თავის არიდების ფაქტებს იძიებს - აღსანიშნავია, რომ ნავთობპროდუქტების ბაზარს პრემიერის დავალებით ჯერ კონკურენციის ეროვნული სააგენტო იკვლევდა. მაშინ ღარიბაშვილის დაინტერესება საწვავის მაღალმა ფასმა გამოიწვია, თუმცა სფეროს ანალიტიკოსები ამბობენ, რომ საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასის კლების მიუხედავად საქართველოში მსგავსი რამ მოსალოდნელი არაა, რადგან ეროვნული ვალუტა ლარი ბოლო თვეებში მნიშვნელოვნად გაუფასურდა.
- ცვლილებები მაუწყებლობის შესახებ კანონში კვლავ დავის საგანია - საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილი არც კი მალავს, რომ ახალი რეგულაციები ყველაზე მეტად რუსთავი 2-ს შეუქმნის პრობლემებს.
- მიუნხენის უსაფრთხოების 51-ე კონფერენციის ფარგლებში პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ახალი ამერიკული უსაფრთხოების ცენტრის პრეზიდენტს რიჩარდ ფონტეინსა და ცენტრის აღმასრულებელ დირექტორს მიშელ ფლურნოის შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემები საქართველო-ამერიკის ურთიერთობები, მათ შორის საქართველო-ამერიკის სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის ფარგლებში მიღწეული თანამშრომლობა და საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის საკითხები იყო. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ მდგომარეობაზე, მათ შორის ამერიკული ცენტრის წარმომადგენლებმა შეშფოთება გამოთქვეს რუსეთსა და აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმს შორის გაფორმებული ხელშეკრულების გამო.
ფოკუსი




