ხელისუფლება და ოპოზიცია

წიკლაური: სავსებით შესაძლებელია, შსს-ს ვუწოდოთ საბურავების სამინისტრო

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ნუგზარ წიკლაური თვლის, რომ შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის განცხადებები ქვეყანაში არსებული პრობლემებისა და კრიმინალის წინააღმდეგ არაეფექტური ბრძოლის გადაფარვას ემსახურება. მისივე თქმით, "თუ ასე გაგრძელდა, სავსებით შესაძლებელია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს პირდაპირ ვუწოდოთ საბურავების სამინისტრო".

"ძალიან სამწუხაროა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის ამჟამინდელი განცხადებები, ისევე, როგორც მისი წინამორბედის, არის მიმართული რეალურად, გადაფარვით იმ პრობლემატიკით, რომელიც ქვეყანაშია, გადაფარვით იმ უუნარობის, რაც გამოიხატება კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლის არაეფექტურობაში. თუ ასე გაგრძელდა, სავსებით შესაძლებელია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს პირდაპირ ვუწოდოთ საბურავების სამინისტრო და სამინისტრო, რომელიც პირდაპირ არის მიმართული მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ოპონენტების დევნისაკენ", - თქვა წიკლაურმა.

მოსალოდნელ დესტაბილიზაციაზე გომელაურმა პირველად გაზეთ კვირის ქრონიკასთან ისაუბრა. მან დაადასტურა, რომ შს ყოფილ მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძეს ნამდვილად ჰქონდა ოპერატიული ინფორმაცია ნაციონალური მოძრაობის მხრიდან დესტაბილიზაციაზე. მისი თქმით, "ახლაც არის ინფორმაციები, მაგრამ ამას არ დავუშვებთ, ქვეყანაში დესტაბილიზაცია არ მოხდება". ინტერვიუში გომელაური ასევე ამბობდა, რომ ნაციონალური მოძრაობა თავისი განცხადებებით ხალხს აღიზიანებს და "მათ ბევრი რაღაცის გაფუჭება უნდათ".

დღეს მთავრობის სხდომის დაწყებამდე გომელაურმა თქვა, რომ უკრაინის მსგავს არეულობას საქართველოში არ დაუშვებენ. სხდომის დასრულების შემდეგ მას კიდევ ერთხელ მოუწია კომენტარის გაკეთება: "არის სხვადასხვა ძალები, არ დავაკონკრეტებ მათ. მაინცდამაინც პარტიებს ნუ ვგულისხმობთ. არის მსოფლიოში სხვადასხვა ძალები, რომლებსაც სურთ არევა არა მხოლოდ საქართველოში, მთლიანად მსოფლიოში. თქვენ იცით, სირიაში ომია, არეულობაა სხვადასხვა ქვეყანაში. მაინცდამაინც პარტიას ნუ გაუსვამთ ხოლმე ხაზს. მე არ მიხსენებია ნაციონალური მოძრაობა", - თქვა გომელაურმა.

შს ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე კი შესაძლო დესტაბილიზაციაზე ჯერ კიდევ გასული წლის აპრილში, პრაიმტაიმთან ინტერვიუში საუბრობდა. ჭიკაიძე ამბობდა, რომ "ნაციონალური მოძრაობა ევრომაიდნის სცენარს ამუშავებს და არსებობს ინფორმაცია, რომ ამ მიზნით უკვე დაწყებულია საბურავების მომარაგება".

კომენტარები