ხელისუფლება და ოპოზიცია

ენმ-ის დეპუტატი ეკა ხერხეულიძე პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს

ambebi.ge

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა ეკა ხერხეულიძემ პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადა. ის პარლამენტს "სამხეცეს" უწოდებს.

"ოთხოზორიების ოჯახის ტრაგედია მთლიანად ასახავს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობას და სახელმწიფოს პოლიტიკას. ეს იყო ცინიზმით აღსავსე, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობა. როდესაც მტერი შენსავე კონტროლირებად ტერიტორიაზე მშვიდობიან მოქალაქეს კლავს, ეს ნიშნავს, რომ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა უკიდურესად დაქვეითებულია. როდესაც მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები ღიად ლობირებენ მტრის ჯაშუშების გათავისუფლებას, ეს ნიშნავს, რომ დღეს საქართველოს ოკუპანტების უფლებადამცველი ხელისუფლება მართავს. როდესაც ოკუპირებული ქვეყნის ურთიერთობა დამპყრობელთან იმ კონდიციამდე თბება, რომ მწვანილის გატანა უფრო პრიორიტეტულია, ვიდრე თავისუფლებისთვის ბრძოლა, ეს ნიშნავს, რომ საქართველოს საოკუპაციო რეჟიმი მართავს.

მე ვფიქრობ, რომ ადამიანებმა, რომლებმაც ჩაიდინეს ის მხეცობა, რომელიც კორცხელში მოხდა, დღეს საპარლამენტო დარბაზში გრძელდება. თქვენთვის არ არსებობს ტრაგედია, რომელიც დაგაფიქრებთ და ქვეყნის მომავლის გზას აგარჩევინებთ. მე ვფიქრობ, რომ ბოიკოტი უნდა გამოვუცხადო თქვენთან ერთად მუშაობას. ესაა ჩვეულებრივი სამხეცე, ამიტომ ვტოვებ დარბაზს. ერთმანეთს შევხვდებით 8 ოქტომბერს, სადაც განახებთ იგივე შედეგს, რაც კორცხელსა და ნასაკირალში იგემეთ", - თქვა ხერხეულიძემ.

კომენტარები