- კიდევ ერთი გახმარებული საქმე და ახალი ბრალი - საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ზ. ჟვანიასა და რ. უსუპოვის გარდაცვალების საქმეზე ყოფილ მთავარ პროკურორს მამუკა გვარამიას და ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის ყოფილ მოადგილეს როსტომ ლაზარიას ბრალი წარუდგინა.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრემიერმა თქვა, რომ ქართული ოცნების არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ყველა საქმე გაიხსნა და მხოლოდ ერთი-ორი ასეთი საქმე იყო დარჩენილი. უწყება მათ გამოძიების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და მტკიცებულებების ფალსიფიკაციას ედავება. პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს გვარამიას და ლაზარიას დაკავების შესახებ განჩინების მიღების თაობაზე შუამდგომლობით უკვე მიმართა.
- კორტების სპეცოპერაციის საქმეში ბრალდებულ ყოფილ პოლიციელებს სასამართლომ აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა განუსაზღვრა - მოსამართლე გოგინაშვილს გადაწყვეტილების მიღებამდე თავად ბრალდებულებმაც მიმართეს. მათ წაყენებული ბრალდებები უარყვეს და საკუთარი არგუმენტები მოიყვანეს.
დილიდან ხმაური იყო სასამართლო დარბაზთან სადაც დაკავებულთა ახლობლები იყვნენ შეკრებილები. სხდომაზე დასწრებას მოითხოვდნენ ვაზაგაშვილების ოჯახის ახლობლები. დაპირისპირება სწორედ მათ შორის მოხდა.
- 2002 წელს დაღუპული გიორგი გაბუნიას მამა მკვლელობაში ზურაბ ვაზაგაშვილს ადანაშაულებს. მისი თქმით, შვილისთვის ციხის ასარიდებლად იური ვაზაგაშვილმა 2002 წელს პროკურატურაში ქრთამი გადაიხადა.
გაბუნიას მკვლელობის საქმეზე ინფორმაციას არ ფლობს სახალხო დამცველი, მომხდარს ვერ იხსენებს ელენე თევდორაძე, რომელმაც გაბუნიას მამის თქმით ზურა ვაზაგაშვილს რეკომენდაცია გაუწია ციხიდან გამოსვლისას.
- აჭარის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მედეა ვასაძემ პარტია და ფრაქცია „ქართული ოცნება" დატოვა. ვასაძის წასვლის შემდეგ მმართველ გუნდს აჭარის უმაღლეს საბჭოში ბიუჯეტისა და საკადრო საკითხების გადაწყვეტისთვის საჭირო 11 ხმა აღარ ექნება, თუმცა ამ ეტაპზე ის ინარჩუნებს უბრალოუმრავლესობას - საბჭოში ქართულ ოცნებას 10 დეპუტატი ჰყავს, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას - 8, თავისუფალ დემოკრატებს - 2, მედია ვასაძე კი დამოუკიდებელ დეპუტატის მანდატით რჩება.
- პარლამენტში კომიტეტები შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიცირებულ გამოხატვის შემზღუდველ კანონპროექტს განიხილავენ. მისი მიღების შემთხვევაში ძალადობისკენ მოწოდება დასჯადი გახდება - კანონპროექტის დამტკიცებას არასამთავრობო ორგანიზაციათა დიდი ნაწილი და რელიგიური უმცირესობები ეწინააღმდეგებიან. ამგვარი ცვლილების მთავარი ლობისტი კი წლების განმავლობაში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიაა.
- პარლამენტში ახალი საგაზაფხულო სესია წინა წელს ნათქვამი ფრაზების ხელახალი გარჩევით დაიწყო - კაკო ბობოხიძეს დავით საგანელიძე საშემოდგომა სესიის დასასრულს გინებისთვის ბოდიშის მოხდას სთხოვს. შელაპარაკების გამო პარლამენტის თავმჯდომარემ შესვენება გამოაცხადა.
ამ დაპირისპირების პარალელურად ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გახმაურებული საქმეების შესასწავლად საგამოძიებო კომისიების შექმნას მოითხოვს.
- საქართველოს ბანკის სერვის ცენტრს თავს დაესხნენ. შემთხვევა დღეს დილით მუხიანში მოხდა.
ლიბერთი ბანკის სერვის ცენტრი გაქურდეს სიღნაღის სოფელ ჯუგაანში. წაიღეს სეიფი, რომელშიც 3 ათასი ლარი ინახებოდა. სერვის ცენტრს დაცვა არ ჰყოლია, თავდამსხმლები შენობაში კარიდან შევიდნენ.
ბანკების გახშირებულ ძარცვასთან დაკაშირებით კომენტარი გააკეთა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ. მისი განცხადებით, თითოეული ასეთი დანაშაული დროულად იყო გამოძიებული და ყველა მიეცა პასუხისგებაში.
- აგვისტოში მოკლული დაჩი დარჩიას ოჯახი გამოძიების დაჩქარებას ითხოვს. გამომძიებლებს ისინი გულგრილობაში ადანაშაულებენ. დარჩია ავლაბარში მოკლეს, ბრალდებული პოლიციამ დააკავა. გავრცელდა ინფორმაცია რომ მკვლელობის ადგილზე ეკა ბესელიას ვაჟიც იყო. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ეს ინფორმაცია უარყო .




