აჭარის უმაღლესი საბჭო

მედეა ვასაძემ ქართული ოცნება დატოვა

აჭარის უმაღლესი საბჭო

აჭარის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ მედეა ვასაძემ ქართული ოცნება დატოვა. ამ გადაწყვეტილებით, ქართულ ოცნებას უმაღლეს საბჭოში უმრავლესობა აღარ აქვს. დეპუტატმა მიზეზები არ განმარტა, თუმცა განაცხადა, რომ ის აჭარის აღმასრულებელ და საკანონმდებლო ორგანოებს შორის არსებულ პროცესებს ემიჯნება. დამატებით ინფორმაციას ვასაძე ორ დღეში გაასაჯაროებს. 

"მადლობა მინდა ვუთხრა პრემიერმინისტრს, რომელმაც ყველაფერი გააკეთა, რომ შეეჩერებინა ჩემი ეს გადაწყვეტილება. მაგრამ იმდენად დავშორდი ქართული ოცნების პრინციპებს ჩვენს რეგიონში ზოგადად, რომ მაქვს სურვილი, გავემიჯნო იმ პროცესებს, რომლებიც ორი წლისა და ოთხი თვის განმავლობაში არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელ ხელისუფლებასა და საკანონმდებლო ხელისუფლებას შორის. აქედან გამომდინარე, მე ვტოვებ პოლიტიკური გაერთიანება ქართულ ოცნებას, რომლის თანამდამფუძნებელი ვარ, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ გაერთიანების მშენებლობაში მაქვს გარკვეული წვლილი შეტანილი. ვტოვებ ძალიან მაღალ პარტიულ თანამდებობას, რომელიც გახლავთ ჩემი სარევიზიო კომისიის წევრობა. შესაბამისად, მე ვტოვებ აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია ქართულ ოცნებას", - განაცხადა მედეა ვასაძემ საგანგებო ბრიფინგზე.

აჭარის უმაღლეს საბჭოში სულ 21 დეპუტატია. მათგან 8 ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელია, 2 - თავისუფალი დემოკრატების (უფრაქციო სტატუსი), მედეა ვასაძე ასევე უფრაქციო დეპუტატის სტატუსით განაგრძობს საქმიანობას, ქართული ოცნების  ფრაქციების შემადგენლობაში კი, 10 დეპუტატი რჩება.

კომენტარები