- კორტების სპეცოპერაციის საქმეზე დაკავებული პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნების ადვოკატებმა პროკურატურისგან ათობით ტომისგან შემდგარი საქმის მასალები მიიღეს. დაკავებულებს განზრახ მკვლელობისა და მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის ორგანიზების ბრალი ოფიციალურად დღეს წარუდგინეს. ბრალის დადგენილებას ხელი არ მოაწერა ირაკლი ფირცხალავამ.
- პოლიციის ყოფილმა მაღალჩინოსნებმა და ვაზაგაშვილის საქმეზე დაკავებულების ოჯახის წევრებმა იუსტიციის სამინისტროსთან ერთობლივი განცხადება გააკეთეს, სადაც აღნიშნავენ, რომ 11 პირის დაკავება არის პოლიტიკურად მოტივირებული. ისინი მოსამართლეს, რომელმაც ეს საქმე უნდა განიხილოს, მოუწოდებენ, არ შეუშინდეს ზეწოლას.
- ლარის გაუფასურების ერთერთი შედეგი - ყასტრანგაზ თბილისი იურიდიულ პირებს ბუნებრივი აირის ტარიფს 15 თეთრით უძვირებს. კომპანიაში ამას სწორედ ქართული ვალუტის ვარდნით ხსნიან. როგორც ირკვევა, გაზზე ფასი არ მოიმატებს პურის მსხვილი მწარმოებლებისთვის, თუმცა, სავარაუდოდ, ეს გავლენას მოახდენს იმ პროდუქტების ფასზე, რომელთა წარმოება ბუნებრივი აირის მოხმარებას საჭიროებს.
- ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში სოხუმში რეჟიმის ლიდერს რაულ ხაჯიმბას შეხვდა. ჰერბერტ ზალბერმა აფხაზეთში დაგეგმილ ევროკავშირის პროექტებზეც ისაუბრა. აფხაზური მედია იმასაც იუწყება, რომ ზალბერმა სოხუმში ევროკავშირის ოფისის გახსნის სურვილი გამოთქვა. თბილისში ამის ალბათობას მხოლოდ იმ შემთხვევაში უშვებენ, თუ ხსენებული ოფისი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ნაწილი იქნება.
- დღეს გურჯაანის რაიონული სასამართოდან პოლიციის თანამშრომლებს ბრალდებული გაეპარა. გავრცელებული ინფორმაციით, 21 წლის დიმა ხაჩიაშვილმა გაპარვა პატიმართა დროებითი მოთავსების იზოლატორიდან შეძლო. სამართალდამცავები პატიმარს ეძებენ.
- ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინისთვის იარაღის მიწოდების საკითხს განიხილავს. ამის შესახებ თეთრი სახლის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ამერიკული პრესა წერს. თავის მხრივ კრიზისის დაწყების შესახებ ფაინენშიალ თაიმსი საკუთარ ვერსიას ავრცელებს. გამოცემის წყარო გერმანელი დიპლომატია, რომელიც ავსტრალიაში დიდი ოცეულის სამიტის იმ შეხვედრას ესწრებოდა, სადაც ვლადიმირ პუტინმა ანგელა მერკელს საკუთარი ხედვა წარუდგინა უკრაინის პრობლემის მოგვარებისთვის.




