ფოკუსი

2 თებერვალი, 2015

- საქართველოს მთავარი პროკურატურა ე.წ. კორტების საქმეს გახსნილად აცხადებს - ზურაბ ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის განზრახ მკვლელობისა და დოკუმენტების ფალსიფიკაციის ბრალდებით ჯამში 11 ადამიანი დააკავეს. პროკურატურის ვერსიით, ირაკლი ფირცხალავამ ხუბულობზე პირადი დაინტერესების გამო იძია შური, ამ შურისძიებაში კი მონაწილეობა სხვა ადამიანებმაც მიიღეს. დაკავებულები პოლიციის მაღალჩინოსნები არიან - ერთ-ერთი მათგანი ირაკლი ფირცხალავაა, რომელიც გასული კვირების განმავლობაში რამდენჯერმე გახდა ბრალდების ობიექტი როგორც ვაზაგაშვილის ოჯახის წევრების, ასევე მათი მეგობრებისგან. ფირცხალავა ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფდა და ამბობდა, რომ სპეცორაცია დამნაშავეების განეიტრალების მიზნით ჩატარდა. მისი თქმით, ვაზაგაშვილის თანამზრახველებთან ერთად დანაშაულის ჩასადენად მიდიოდა.
- „ქართულმა ოცნებამ პრაქტიკულად ყველა გახმაურებული საქმე გამოიძია" - ასე გამოეხმაურა პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებას. პოლიტიკური დევნა თუ არაპოლიტიზებული სამართლებრივი პროცესი - სახელისუფლებო გუნდსა და ოპოზიციაში ამ საკითხზე განსხვავებული მოსაზრებები აქვთ.
- ქართული ოცნების მთავრობის შინაგან საქმეთა მინისტრებისთვის უკვე ტრადიციად იქცა ინტერვიუები ისეთ გამოცემებს მისცენ, რომლებიც წლების განმავლობაში ქსენოფობიური და ჰომოფობიური რიტორიკით გამოირჩეოდნენ. ირაკლი ღარიბაშვილი - ასავალ-დასავალს, ალექსანდრე ჭიკაიძე - ალიას, ხოლო ვახტან გომელაური - კვირის ქრონიკას ესაუბრება. შინაგან საქმეთა ახალმა მინისტრმა ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზე, ვაზაგაშვილების მკვლელობასა და ყოფილ უფროსზე, ბიძინა ივანიშვილზე ისაუბრა.

კომენტარები