ფოკუსი

30 იანვარი,2015

- საქართველო ლარის გაუფასურების გამო მონეტარულ პოლიტიკას ამკაცრებს - ეროვნული ბანკის ინფორმაციით, არსებობს მნიშვნელოვანი საფრთხე რომ ქვეყანაში სამომხმარებლო პროდუქტებზე ფასების ზრდა დაიწყოს. გიორგი ქადაგიძე მთავრობას ეკონომიკის დაგეგმილი 5%-იანი ზრდის გადახედვისკენაც მოუწოდებს.

- ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებას სავალუტო კრახისა და ეკონომიკური კრიზისის თავიდან ასაცილებლად კომპლექსურ გეგმავს სთავაზობს, რომელიც გადასახადების შემცირებასა და ისეთი ინფრასტრუქტურული პროექტების ამუშავებას გულისხმობს, რომლებიც სამუშაო ადგილებს შექმნის. გეგმა 36 ნაბიჯს შეიცავს, რომლებიც ეკონომიკურის გარდა დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებასაც შეიცავს.
საპარლამენტო უმრავლესობაში ეს გეგმა უკვე დაიწუნეს.

- მიუხედავად საგარეო საქმეთა მინისტრის გაკეთებული განცხადებისა რადიო თავისუფლებასთან, აბაშიძე- კარასინის ფორმატი კვლავ გაგრძელდება. ინტერვიუში ბერუჩაშვილი ამბობდა, რომ რუსეთმა და საქართველომ შეწყვიტეს არაფორმალური დიალოგი სავაჭრო საკითხებზე. მოგვიანებით, სამინისტროში გაჩენილი მოლოდინი გაფანტეს და ბერუჩაშვილის განცხადება ჟურნალისტის შეცდომად მიაწერეს.

- რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტით მყოფმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ისიც თქვა, რომ უკრაინის მოვლენების გამო რუსეთის წინააღმდეგ სანქციები და სავიზო შეზღუდვები, შესაძლოა, საქართველომაც შემოიღოს.

- უკრაინაში რუსული აგრესიის გამო სანქციების დაწესებაზე დებატი გასული წლის მანძილზე საქართველოს პოლიტიკური ცხოვრების ნაწილი იყო. საპარლამენტო უმცრესობა მოთხოვდა, უკრაინის შესახებ მიღებულ რეზოლუციაში პარლამენტს მიეთითებინა "სანქციების დაწესების" აუცილებლობა, თუმცა უმრავლესობა სხვაგვარად ფიქრობდა. მაშინ რეზოლუციაში სიტყვა "სანქცია" არ მოხვდა.

- კიდევ ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია, ამჯერად Human Rights Watch, საქართველოში პოლიტიკურ დევნასა და შერჩევით სამართალზე საუბრობს. ორგანიზაცია საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ ახალ ანგარიშს აქვეყნებს.

- საქართველოში პოლიტიკური ფიგურების სამართლებრივი დევნის შესახებ საუბარია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატების დეკლარაციაშიც. ტექსტში აღნიშნულია ,რომ სამართლებრივი დევნის ობიექტი ნაციონალური მოძრაობის თითქმის ყველა ლიდერი გახდა, მათ შორის თბილისის მერიც.
ევროპელი დეპუტატები საქართველოს ხელისუფლებას შენიშვნების გათვალისწინებისკენ მოუწოდებენ.

- ნატოს გენერალურმა მდივანმა ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. იენს სტოლტენბერგმა იმ გამოწვევებს გაუსვა ხაზი რომლის წინაშეც ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი დგას. ნატოს გენერალური მდივნის თქმით, უკრაინის კრიზისის მოგვარება რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების გაგრძელების გზითაა შესაძლებელი. ანგარიშში საუბარი საქართველოზეცაა - იენს სტოლტენბერგმა საქართველოს ღირებული პარტნიორი უწოდა.

- ევროკავშირის რიგგარეშე მინისტერიალზე მთავარი განსახილვევი თემა უკრაინის კრიზისი იყო. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების გადაწყვეტილებით რუსეთის ფედერაციისთვის მარტამდე დაწესებული სანქციები სექტემბრამდე გახანგრძლივდა.

კომენტარები