ფოკუსი

28 იანვარი,2015

- ემზარ კვიციანს ჩადენილი დანაშაული არ უღიარებია, თუმცა საქართველოს პროკურატურამ მასთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა. 2006 წელს საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ აჯანყებული ემზარ კვიციანი თავისუფალია. 8 წლის წინ კოდორის ხეობაში ემზარ კვიციანი თანამოაზრეებთან ერთად გამაგრდა და ცენტრალურ ხელისუფლებას დამოურჩილებლობა გამოუცხადა. ქართველმა პოლიციელებმა სწრაფად მოახერხეს კოდორის ხეობის დაკავება, თუმცა თავად კვიციანმა თავი რუსეთის მიერ კონტროლირებად აფხაზეთს შეაფარა.

- საქართველოს პრეზიდენტმა უზენაესი სასამართლოს კანდიდატურასთან დაკავშირებით გამართული კონსულტაციების შესახებ სპეციალური განცხადება გააკეთა. გიორგი მარგველაშვილმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და თქვა, რომ ყველა პოლიტიკური პარტია კანდიდატურის კრიტერიუმებზე თანხმდება. პრეზიდენტს არ დაუსახელებია კონკრეტული კანდიდატურები. მან აღნიშნა, რომ ამ საკითხზე კონსულტაციებს გააგრძელებს. ამჯერად ის პროფესიულ წრეებს სთხოვს, კანდიდატურასთან დაკავშირებით თავიანთი მოსაზრებები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 9 თებერვლამდე წარმოადგინონ.

- გუშინ და დღეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ გამოქვეყნებული ვიდეოების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურამ ინსპექციამ მოკვლევა დაიწყო. შსს-ს განცხადებაში აღნიშნულია, რომ გენერალური ინსპექცია შეისწავლის არამარტო ვიდეოში აღბეჭდილ გარემოებებს ასევე დაინტერესდება საიდან მოხვდა ეს მასალა გარეშე პირებთან.
მორიგი ვიდეომასალა, სადაც ასახულია თუ როგორ უწევს მოქალაქე წინააღმდეგობას პატრულს და საბუთების ჩვენებაზე უარს ამბობს, დღეს გავრცელდა. . ზურაბ ბერიკაშვილი ჩანაწერში თავს პოლკოვნიკს უწოდებს და პატრულისგან თავის დაღწევას იარაღითა და საკუთარი ჩინის ხსენებით ცდილობს. საპარლამენტო უმცირესობაში ამბობენ, რომ პატრულის თანამშრომელი რომელმაც ზურაბ ბერიკაშვილი გააჩერა სამსახურიდან გაათავისუფლეს.

- საქართველოს სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე პროკურატურაში დაწყებულ გამოძიებას ია მეტრეველი ეხმაურება. მეტრეველის თქმით, მასზე დაგეგმილი თავდასხმის შესახებ ერთი წლის წინ შეიტყო ერთ-ერთი პატიმრისგან. როგორც ირკვევა, მსგავსი ინფორმაცია 1 წლის წინ ომბუდსმენსაც ჰქონდა. თუმცა პირველი ბრიფინგი ამ თემაზე მან გუშინ გამართა.
პროკურატურამ გამოძიება 4 ყოფილი პოლიციელის წინააღმდეგ დაიწყო. ერთ-ერთი მათგანის ირაკლი ფირცხალავას თქმით, მსგავსი თავდასხმის შესაძლებლობაზე მან თავად მიმართა სამართალდამცავ უწყებებს 1 წლის წინ, თუმცა, შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირება არ მოუხდენია.

- ნომერ მეშვიდე ციხეში 10 პატიმარი შიმშილობს - ისინი პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. ერთ-ერთი მოშიმშილის ადვოკატის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მან სასჯელაღსრულების დეპარტამენტს თხოვნით მიმართა, ციხეში მისი დაცვის ქვეშ მყოფს არ უწევდნენ სამედიცინო დახმარებას.

- საბერძნეთის ახალი ხელისუფლება კი მოსკოვთან სიახლოვის დემონტრირებას ცდილობს - მთავრობის წევრები და თავად პრემიერიც უკრაინის კრიზის ფონზე მოსკოვისთვის მისაღებ განცხადებებს აკეთებენ.
პუტინთან დამეგობრების გარდა, ახალი მთავრობა გეგმავს მკვეთრად შეცვალოს კრიზისის დაძლევის ის კურსი რაც გასულ წლებში შემუშავდა - ალექსის ციპრასის თქმით, მკაცრი ეკონომიის პოლიტიკა არასწორია. ახალი გუნდი ახალი სოციალური პოლიტიკით სახელმწიფო ხარჯების გაზრდას გეგმავს.

კომენტარები