კრიზისი უკრაინაში

ევროკავშირი უკრაინის საკითხზე საგანგებო სხდომას გამართავს

უკრაინაში შექმნილ ვითარებას ევროკავშირი საგანგებო სხდომაზე განიხილავს. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ფედერიკა მოგერინის განცხადებით, ევროპის საგარეო საქმეთა მინისტრები 29 იანვარს შეიკრიბებიან. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პავლო კლიმკინის თქმით, ის ევროპელ კოლეგებს ესაუბრა და მათ პრინციპული პოზიცია დააფიქსირეს. კლიმკინის თქმით, ევროკავშირი აღარ განიხილავს სანქციების შერბილების შესაძლებლობას და შესაძლოა მათ გაფართოებაზეც იმსჯელოს, კერძოდ, არ არის გამორიცხული რუსეთის გათიშვა სვიფტის საბანკო გადარიცხვების სისტემიდან.

გერმანიის კანცლერი რუსეთის პრეზიდენტს ტელეფონით ესაუბრა. გერმანიის მთავრობის ცნობით, მერკელმა პუტინს მოუწოდა, შემდგომი ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით, ხელი შეუწყოს მინსკის შეთანხმების რეალიზაციას და სეპარატისტებზე ზეგავლენა მოახდინოს, რათა ისინი მოლაპარაკების მაგიდას მიუსხდნენ.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა კი, ინდოეთში ყოფნისას განაცხადა, რომ ვაშინგტონი მოსკოვზე ზეწოლის გაძლიერებას აპირებს. ბარაკ ობამას თქმით, მისი მიზანი რუსეთის ეკონომიკის განადგურება არ არის, მაგრამ ამერიკა დაინტერესებულია იმით, რომ დიდმა ქვეყნებმა პატარა ქვეყნები არ დააშინონ. ობამას განცხადებით, სამხედრო კონფლიქტში რუსეთის შემდგომი ჩარევა მას დამატებით ზარალს მოუტანს.

ქალაქ მარიუოპოლის დაბომბვისა და უკრაინაში სიტუაციის გამწვავების გამო დღეს ვენაში ეუთოს საგანგებო სხდომა გაიმართება. სხდომაზე მშვიდობიანი მოლაპარაკების და სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრების განახლების საკითხს განიხილავენ. უკრაინაში შექმნილ საგანგაშო ვითარებაზე დღეს გაეროს უშიშროების საბჭოც იმსჯელებს.

დაძაბულია სიტუაცია ქალაქ დებალცევოს გარეშემო, რომლის ალყაში მოქცევას პრორუსი ტერორისტები ცდილობენ. ანტიტერორისტული ოპერაციის სპიკერის ანდრი ლისენკოს განცხადებით, სეპარატისტების არტილერია ქალაქს მუდმივად ბომბავს, დანგრეულია საცხოვრებელი სახლები და ინფრასტრუქტურა, არ არის ელექტროენერგია და გათბობა. მისი თქმით, უკრაინული ძალები ქალაქში თავდაცვითი პოზიციების გამაგრებას აგრძელებენ.

ქალაქ მარიუპოლში, პრორუსული ძალების მიერ ქალაქის დაბომბვისას დაღუპულთა გლოვის დღეებად დამატებით 26 და 27 იანვარი გამოცხადდა. მარიუპოლის ტაძრებში დაღუპულთა მოსახსენიებელი პანაშვიდი ჩატარდა.

კომენტარები