რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა

კანდელაკი: მარიუპოლზე საქართველოს საგარეო უწყების განცხადება მორიგი ღალატია

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი გიორგი კანდელაკი მიიჩნევს, რომ მარიუპოლის დღევანდელ მოვლენებზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება იმის ლუსტრაციაა, რომ "უკრაინა-რუსეთის ომში, ივანიშვილის რეჟიმი დეფაქტო სწორედაც რომ პუტინის მხარესაა". კანდელაკის თქმით, განცხადებაში რუსეთი არანაირ კონტექსტში არაა ნახსენები. ამის შესახებ კანდელაკი ფეისბუქზე წერს.

"მშვიდობიანი ქალაქის - მარიუპოლის - რუსეთის მიერ დაბომბვის და მშვიდობიანი ადამიანების მართლაც რომ ჩახოცვის ფაქტზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება არის საქართველოს მორიგი ღალატი და მორიგი გულისამრევი ლუსტრაცია იმისა, რომ უკრაინა-რუსეთის ომში, ივანიშვილის რეჟიმი დეფაქტო სწორედაც რომ პუტინის მხარესაა. აბა, როგორ ავხსნათ ის, რომ ამ განცხადებაში საერთოდ, არანაირ კონტექსტში, ნახსენებიც კი არაა რუსეთი. მეტიც, არა თუ რუსეთი არც "რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები“ და ანაც კიდევ უფრო რბილი "პრორუსი სეპარატისტები“ არაა ნახსენები - თითქოს დღეს ამ საქართველოდან არც თუ ისე შორს მდებარე ქალაქში 30 ადამიანი ვანუატუს ჯარებმა ამოხოცეს.

ამ კლასიკური ღალატის არდანახვა, ამაზე ახლა წაყრუება, ივანიშვილის გეგმის თანამონაწილეობაა. არც მეტი არც ნაკლები", - წერს კანდელაკი.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება დღეს გაავრცელა:

"საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უკიდურეს შეშფოთებას გამოხატავს დღეს, 24 ოქტომბერს სეპარატისტების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან უკრაინის ქალაქ მარიუპოლის სამოქალაქო დასახლებების დაბომბვასთან დაკავშირებით, რასაც უდანაშაულო ადამიანების მსხვერპლი მოჰყვა.

განსაკუთრებით საგანგაშოა ბოლო პერიოდში უკრაინის ქალაქებში დონეცკში, ვოლნოვახასა და მარიუპოლში განხორციელებული თავდასხმების შედეგად მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის განუხრელი ზრდა, რაც აღმოსავლეთ უკრაინაში ისედაც არსებულ, უკიდურესად მძიმე მდგომარეობას კიდევ უფრო ამწვავებს. მიგვაჩნია, რომ სამოქალაქო დასახლებების წინააღმდეგ გამანადგურებელი შეიარაღების მიზანმიმართული გამოყენება საერთაშორისო საზოგადოების დაუყოვნებლივ რეაგირებას საჭიროებს და თითოეული შემთხვევა სასწრაფოდ უნდა იქნას გამოძიებული.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სოლიდარობას უცხადებს უკრაინელ ხალხს, უთანაგრძნობს დაღუპულთა ოჯახებს და იზიარებს მათ მწუხარებას", - ვკითხულობთ სამინისტროს განცხადებაში.

ცნობისთვის, რუსეთის მიერ მხარდაჭერილი მებრძოლების მიერ აღმოსავლეთ უკრაინაში მდებარე ქალაქ მარიუპოლის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, მათი უმეტესობა მშვიდობიანი მოქალაქეა. დაშავდა 102. ამის შესახებ ქალაქის მერია იუწყება. უკრაინული მედიის ცნობით, დაიღუპა ერთი უკრაინელი ჯარისკაციც. მარიუპოლი უკრაინის მთავრობის კონტროლქვეშ არსებული ქალაქია.

კომენტარები