ფოკუსი

23 იანვარი,2015

- ალექსანდრე ჭიკაიძის თანამდებობიდან გადადგომას ცოტა ხნის წინ ბიძინა ივანიშვილი გამოეხმაურა. ყოფილი პრემიერის თქმით, ჭიკაიძემ აჩვენა, რომ აქვს პასუხისმგებლობის განცდა.
ეს განცხადება ივანიშვილმა იური ვაზაგაშილის სამოქალაქო პანაშვიდზე გააკეთა. მან დაადასტურა, რომ იური ვაზაგაშვილთან გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე ხანგრძლივი შეხვედრა გამართა. ივანიშვილის თქმით, ვაზაგაშვილი შეხვედრაზე აღნიშნავდა, რომ კორტების სპეცოპერაციის გამოძიება დასრულების ფაზაში იყო და ახალი მოწმეები უკრაინიდან გამოჩნდნენ. ბიძინა ივანიშვილი მისი დაკითხვის შესახებ ვაზაგაშვილების ადვოკატების განცხადებასაც გამოეხმაურა.

- ალექსანდრე ჭიკაიძის შინაგან საქმეთა მინისტრობისგან გადადგომის თხოვნას პრემიერი დააკმაყოფილებს. ის ჭიკაიძის გადადგომის საკითხს დავოსიდან გამოეხმაურა.

- ვაზაგაშვილების ოჯახის ადვოკატები იური ვაზაგაშვილის საქმის გამოძიებიდან იმ ადამიანების ჩამოშორებას ითხოვენ, რომლებიც 2006 წლის კორტების სპეცოპერაციის საქმის ძიებასთან იყვნენ დაკავშირებულები. თავის მხრივ, ვაზაგაშვილის საქმის საპარლამენტო უმრავლესობის დახურულ სხდომაზე განხილვას დათანხმდა საქართველოს მთავარი პროკურატურა.

- რუსეთის დუმამ დღეს აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმთან დადებული ე.წ. ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინა - ამ გადაწყვეტილებას მხარი დუმის დეპუტატთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ დაუჭირა.
ეს ხელშეკრულება იყო დღეს პრეზიდენტ მარგველაშვილის შეხვედრების მთავარი თემაც - გიორგი მარგველაშვილი აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან დევნილი მთავრობების ხელმძღვანელებს შეხვდა.

- რუსული ავიაკომპანიების საქართველოში შემოსვლა დღეს კიდევ ერთხელ გახდა ქართული ოცნების კოალიციასა და ერთიან ნაციონალურ მოძრაობას შორის ურთიერთბრალდებების მიზეზი - საპარლამენტო უმცირესობაში ამბობენ, რომ ქართულ ბაზარზე ის ავიაკომპანიები შემოდიან, რომლებიც ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონს არღვევენ. ხელისუფლებაში ამ ბრალდებას უარყოფენ და ყოფილ ხელისუფლებას წარსულზე მიუთიტებენ.

- კრიზისი უკრაინაში გრძელდება - რუსეთის მიერ მხარდაჭერილი მებრძოლები არ აპირებენ ოფიციალურ კიევთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების გამართვას. ინტერვენტები დონბასის სრულად დაკავებასა და უკრაინელი სამხედროების გაძევებას გეგმავენ. ვლადიმირ პუტინი კი მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვაში ბრალს უკრაინელ ჯარისკაცებს სდებს.

- ლარის კურსი ისევ ეცემა. კომერციულ ბანკებში დღის დასაწყისში დოლარის შეძენა 2 ლარად და 4 თეთრად იყო შესაძლებელი, დღის ბოლოს კი 2 ლარი და 7 თეთრი ღირს. ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებში ერთი დოლარის ყიდვა 2 ლარი, ზოგ ჯიხურში კი 2 ლარი და 4 თეთრი ღირს. რაც შეეხება გაყიდვას, სავალუტო ჯიხურებში დოლარის ფასი 1.90-დან 1.98-მდეა.
საქართველოს ეროვნული ბანკის დღევანდელი მონაცემებით, ლარის კურსი დოლართან მიმართებით 1 ლარი და 98 - თეთრია.

კომენტარები