კრიზისი უკრაინაში

უკრაინის საკითხზე გაეროს უშიშროების საბჭო დღეს შეიკრიბება

აღმოსავლეთ უკრაინა
EPA

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის სერგეი კისლიცას განცხადებით, უკრაინის საკითხზე გაეროს უშიშროების საბჭო დღეს კიევის დროით 22.00 საათზე შეიკრიბება.

პარალელურად უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა უმაღლეს რადაში კანონპროექტი შეიტანა, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალების 250 ათას ადამიანამდე გაზრდას ითვალისწინებს.

რაც შეეხება უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებს, იქ საბრძოლო მოქმედებები კვლავ გრძელდება. დღის განმავლობაში ტერორისტებმა ის ერთადერთი ხიდი ააფეთქეს, რომლის მეშვეობითაც უკრაინელებს მათ მიერ კონტროლირებადი ქალაქ სტანიცადან ტერორისტების მიერ ოკუპირებულ ლუგანსკთან დაკავშირება შეეძლოთ.

გრადას ნამსხვრევებისგან დაიჭრა უმაღლესი რადას ეროვნული დეპუტატი დმიტრი იაროში. მას ექიმმა ხელის მძიმე მოტეხილობა და თავის ქალის მცირე დაზიანება დაუდგინა.

მთელი ღამის განმავლობაში პრორუსი ტერორისტები ლუგანსკის რაიონის რამდენიმე ქალაქს უტევდნენ, რის შედეგადაც საცხოვრებელი სახლები განადგურდა.

ტერორისტებმა ქალაქ მარიუპოლის მისადგომებთან უკრაინელების პოზიციებზეც მიიტანეს იერიში. უმაღლესი რადას დეპუტატის დმიტრი ტიმჩუკის განაცხადებით, შეტევა მარიუპოლის მიმართულებით რუსული დანაყოფების გადაჯგუფების დაფარვის მიზნით განხორციელდა. მისივე განმარტებით, მოწინააღმდეგის მოწინავე ძალები მნიშვნელოვნად გაძლიერებულია, როგორც ადამიანური რესურსით, ასევე საბრძოლო ტექნიკით.

პარალელურად საბრძოლო მოქმედებები გრძელდებოდა დონეცკის აეროპორტშიც. ანტიტერორისტული ოპერაციის პრესცენტრის ინფორმაციით, გასული ღამის განმავლობაში ბოევიკები უკრაინის პოზიციებს სხვადასხვა ტექნიკით უტევდნენ. 29-ე და 31-ე ბლოკპოსტებზე უკრაინელებმა პრორუსი სეპარატისტების შეტევის შეჩერება შეძლეს.

კომენტარები