ფოკუსი

20 იანვარი, 2015

- განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში - ამ მუხლით იძიებს მთავარი პროკურატურა იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების საქმეს. საფლავზე კი, სადაც სავარაუდო აფეთქება მოხდა, რომელმაც ვაზაგაშვილი იმსხვერპლა, ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. მომხდარს უკვე გამოეხმაურნენ პოლიტიკოსები - მთავრობის წევრები საქმის სასწრაფოდ გამოძიებას მოითხოვენ.
- დაძაბული მდგომარეობაა დონეცკში, უკრაინაში - პრორუსი ინტერვენტები აეროპორტზე შეტევებს განაგრძობენ, სამთავრობო ჯარები კი მათ წინააღმდეგობას უწევენ. დაზვერვის სამსახურების ცნობით, საომარი თეატრის ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ტექნიკა განლაგებულია, რუსეთის შეიარაღებული ძალები კი მუდმივ რეჟიმში ამარაგებენ მოკავშირეეებს იარაღით.
- პროექტი, რომელიც ე.წ. შუღლის გაღვივების კრიმინალიზებას ითვალისწინებს, პარლამენტში ჯერ არ დარეგისტრირებულა, თუმცა უკვე გამოიწვია აზრთა სხვადასხვაობა დეპუტატებში - მათი ნაწილი სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის საშიშროებას ხედავს. იურისტები კი ამ ნორმის კონსტიტუციურ სტანდარტთან შეუსაბამობაზე საუბრობენ.
- 18 წლამდე ასაკის პირებისთვის მართლმსაჯულების სპეციალიზებული ინსტიტუტი შეიქმნება. ამას არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ახალი კოდექსი ითვალისწინებს, რომელიც იუსტიციის სამინისტრომ მოამზადა. ახალი კოდექსის ამოქმედების შემდეგ საქართველოში იქნებიან სპეციალიზებული პოლიციელები, გამომძიებლები, პროკურორები და მოსამართლეები, რომლებიც არასრულწლოვანთა საქმეებს გამოიძიებენ და განიხილავენ. გარდა ამისა, ბრალის წარდგენიდან წინასასამართლო სხდომამდე მოზარდის პატიმრობის ვადა 60–დან 40 დღემდე მცირდება, ნასამართლობის მოხსნა კი სასჯელის მოხდისთანავე მოხდება. პარლამენტის წევრები და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები კოდექსს დადებითად აფასებენ. სახალხო დამცველის საპარლამენტო მდივანი ეკა ფოფხაძე კოდექსის მთავარ მიღწევად მოწმეთა დაკითხვის წესს მიიჩნევს.

კომენტარები