კრიზისი უკრაინაში

პრორუსი სეპარატისტები დონეცკის აეროპორტის აღებას ცდილობენ

Reuters

უკრაინაში, დონეცკის აეროპორტისთვის დაძაბული ბრძოლა წუხელ გვიან ღამემდე გრძელდებოდა. უკრაინული სარდლობის წარმომადგენლები უარყოფენ ე. წ. დონეცკის რესპუბლიკის და რუსული მედიის ცნობებს იმის შესახებ, რომ ახალი ტერმინალი პრორუსი მებრძოლების ხელში გადავიდა. უკრაინული წყაროების ცნობით, სეპარატისტებმა ტერმინალს არტილერიისა და ტანკების გამოყენებით შეუტიეს და პირველ და მესამე სართულზე შეაღწიეს. თუმცა, უკრაინულმა ძალებმა, მას შემდეგ რაც შევსება მიიღეს, პოზიციები გაამაგრეს და შენობის ნაწილი შეჭრილი სეპარატისტებისგან გაათავისუფლეს.

სეპარატისტები სამშვიდობო შეთანხმების დარღვევაში უკრაინელ სამხედროებს ადანაშაულებენ. კიევი ამ ბრალდებებს უარყოფს.

"შემიძლია ვთქვა, რომ მინსკის შეთანხმება ირღვევა. დაძაბული ბრძოლები ისევ გრძელდება და ამაზე პასუხისმგებელი უკრაინის მთავრობაა. ჩვენ მოლაპარაკებისთვის მზად ვართ. ჩვენ არ გვსურს ომის გაგრძელება, მაგრამ უკრაინა აშკარად ომისთვის ემზადება. ჩვენ მათ სათანადო პასუხს გავცემთ", - აცხადებს ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ლიდერი ალექსანდრ ზახარჩენკო.

უკრაინის არმიის წარმომადგენლის პიოტრ კანონიკის თქმით კი, "ჩვენ აეროპორტში მაშველი ძალები გავგზავნეთ. კონტაქტი გაქვს ჩვენს ჯარისკაცებთან კოშკურის შენობასა და ტერმინალში. ჩვენს პოზიციებს არ დავთმობთ. არსებობს უკრაინის სახელმწიფო, რომელიც იცავს თავის ტერიტორიას, თავის სუვერენიტეტს და მთლიანობას, ეს არის ის, რაც ახლა აქ ხდება". 

კომენტარები