თამაზ თევზაძე

ყიფიანის ყოფილი მოადგილე: ბევრი ჩანაფიქრი მინისტრის გამო ვერ განვახორციელე

sportall.ge

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის უკვე ყოფილმა მოადგილემ, თამაზ თევზაძემ, პოსტზე გატარებულ პერიოდზე და სხვადასხვა პრობლემებზე გაზეთ ლელოსთან ისაუბრა.

თევზაძე ყიფიანის მოადგილედ 2012 წლის 2 ნოემბერს დაინიშნა, 5 იანვრის მთავრობის დადგენილებით კი, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დებულებაში ცვლილებები შევიდა და თამაზ თევზაძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ამიერიდან, ყიფიანს არა ოთხი, არამედ სამი მოადგილე ეყოლება, ასევე გაცხადდა, რომ თევზაძის ფუნქციებს, მინისტრის პირველი მოადგილე შეითავსებს.

ამ მოვლენებამდე რამდენიმე დღით ადრე, 29 დეკემბერს, თამაზ თევზაძე ჟურნალისტებს შეხვდა და განაცხადა, რომ მისი და ყიფიანის ხედვები ხშირ შემთხვევაში საგრძნობლად განსხვავდებოდა და შესაძლებელი იყო მალე თანამდებობა დაეტოვებინა.

"გათავისუფლების შემდეგ პრემიერს წერილობით მივმართე, სადაც ვწერ, რომ მე ვარ ქართულ ოცნებაში მომზადებული ფიზიკური განათლებისა და სპორტის განვითარების კონცეფციის ავტორი, რაც საარჩევნო პროგრამაში აისახა. მასზე დაყრდნობით მომზადდა სპორტის სახელმწიფო პოლიტიკის დოკუმენტი 2014-2020, რომელიც მთავრობამ 2014 წლის 4 აპრილს დაამტკიცა - ისიც ჩემი უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით განხორციელდა. 

ჩემი მრავალგზის მცდელობის მიუხედავად, პრემიერთან შეხვედრის საშუალება არ მომეცა და ამიტომ ვთხოვე, განეხილა რეკომენდაციები, რომელთა გადაწყვეტას სჭირდება პოლიტიკური ნება. 

ბევრი ჩანაფიქრი მქონდა, რაც მინისტრის გამო ვერ განვახორციელე," - აცხადებს ლელოსთან საუბარში თამაზ თევზაძე.

მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, სამინისტროს მიერ გატარებული რეფორმების სიმწირეზეც გაამახვილა ყურადღება. 

"ფაქტია, რომ ნორმალური მართვის სისტემის არარსებობის გამო ორი წლის განმავლობაში, ფაქტობრივად, რეფორმები არ გატარებულა. ჩვეულება რჯულზე უმტკიცესია და ცვლილებები კუს ნაბიჯით მიდის. ეს დღეს არასაკმარისია," - განაცხადა თამაზ თევზაძემ.

კომენტარები