უკრაინის კრიზისი

მარგველაშვილი პოროშენკოს ვოლნოვახაში მომხდარი ტრაგედიის გამო უსამძიმრებს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უკრაინელ კოლეგას პეტრო პოროშენკოს ვოლნოვახაში მომხდარი ტრაგედიის გამო უსამძიმრებს. მარგველაშვილის წერილს პრეზიდენტის ადმინისტრაცია აქვეყნებს.

"შეძრწუნებული ვარ უკრაინის ქალაქ ვოლნოვახში დატრიალებული საშინელი ტრაგედიით, რომელსაც უდანაშაულო ადამიანთა მსხვერპლი მოჰყვა. თავდასხმა მშვიდობიან მოსახლეობაზე ყოვლად აღმაშფოთებელია და მას არ შეიძლება რაიმე გამართლება ჰქონდეს.

საქართველომ კარგად იცის სახელმწიფოებრიობისა და თავისუფლებისათვის ბრძოლის ფასი. ამ ძნელბედობის ჟამს ჩვენ ვდგავართ თქვენს გვერდით და ვიზიარებთ მოძმე უკრაინელი ხალხის ტკივილს.  

ამ განსაცდელის ჟამს მინდა გისურვოთ გამძლეობა, სიმტკიცე და მშვიდობა. გთხოვთ ჩემი სამძიმარი გადასცეთ დაღუპულთა ოჯახებს და უკრაინელ ხალხს" - ნათქვამია გიორგი მარგველაშვილის სამძიმრის წერილში.

დღესვე, საქართველოს პრეზიდენტმა უკრაინის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა.

ქალაქ ვოლნოვახასთან პრორუსული ფორმირებების მხრიდან სამგზავრო ავტობუსის დაბომბვის შედეგად 13 ადამიანი გარდაიცვალა. დღევანდელი დღე, პრეზიდენტის განკარგულებით, ქვეყანაში ტერაქტის მსხვერპლთა გლოვის დღედ არის გამოცხადებული. 

კომენტარები