უკრაინის კრიზისი

ეუთო: ვოლნოვახას ინციდენტის ერთობლივი გამოძიება ჩატარდება

ქალაქ ვოლნოვახასთან პრორუსული ფორმირებების მხრიდან დაბომბვის შედეგად დაშავებული კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. სულ დაღუპულ ავტობუსის მგზავრთა რიცხვმა 13 შეადგინა. დღევანდელი დღე, პრეზიდენტის განკარგულებით, ქვეყანაში ტერაქტის მსხვერპლთა გლოვის დღედ არის გამოცხადებული. უკრაინულმა მედიამ ბლოკსაგუშაგოს გრადებით დაბომბვის ვიდეო გაავრცელა, რომელშიც ჭურვისგან დაზიანებული ავტობუსიც ჩანს.

ეუთოს მონიტორინგის მისიის დასკვნით, აფეთქება გრადის ტიპის დანადგარის ჭურვმა გამოიწვია, რომელიც ავტობუსიდან 12-15 მეტრში დაეცა. სეპარატისტები ბრალდებას უარყოფენ და აცხადებენ, რომ უკრაინული საგუშაგოს წინააღმდეგ გრადი არ გამოუყენებიათ. ეუთო აცხადებს, რომ მხარეთა თანხმობა ინციდენტის ერთობლივ გამოძიებაზე არსებობს.

"ჩვენ შევთავაზეთ დაინტერესებულ მხარეებს ვოლნოვახას ინციდენტის ერთობლივი გამოძიება. მიღებული თანხმობა სკონტაქტო ჯგუფის რუსი და უკრაინელი წარმომადგენლებისგან, ასევე დონეცკის სახალხო რესპუბლიკის წევრებისგან", - თქვა ეუთოს მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ ალექსანდრ ჰუგმა.

ეუთოს მისია ასევე აცხადებს, რომ მიღწეულია შეთანხმება დონეცკის აეროპორტის გარშემო ბოლო შეტაკებების შემდეგ ცეცხლის შეწყვეტისა და ტერიტორიის ერთობლივი პატრულირების შესახებ.

პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ კი ხელი მოაწერა ბრძანებულებას 2015 წლის განმავლობაში ნაწილობრივი მობილიზაციის სამი ეტაპის ჩატარების შესახებ. კიევი ასევე შეიარაღებულ ძალებში სავალდებულო გაწვევის აღდგენას აპირებს.

კომენტარები