კრიზისი უკრაინაში

მოგერინი: თუ რუსეთი უკრაინის დესტაბილიზაციას შეწყვეტს, სანქციები უნდა გაუქმდეს

"რუსეთის წინააღმდეგ შემოღებული სანქციების უმეტესი ნაწილი უნდა გაუქმდეს და ევროკავშირმა რუსეთთან თანამშრომლობა სრული მოცულობით უნდა აღადგინოს, თუ მოსკოვი აღმოსავლეთ უკრაინის დესტაბილიზაციას შეწყვეტს" - ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ფედერიკამ მოგერინის მიერ დღეს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებისადმი გაგზავნილ, მომავალი შეხვედრის მომზადებისადმი მიძღვნილ დოკუმენტში. მოგერინის წინადადებით, ასეთ შემთხვევაში ძალაში მხოლოდ ყირიმის ანექსიის გამო შემოღებული სანქციები უნდა დარჩეს.

ამასთან, უკრაინის ხელისუფლება ადასტურებს, რომ პრორუსულმა ფორმირებებმა უკრაინელი სამხედროების წინააღმდეგ მძლავრი იარაღი - მძიმე ცეცხლმფრქვევი ტოს-1 ბურატინო გამოიყენეს, რომელიც უკრაინის შეიარაღებაში არ არის და აქამდე კონფლიქტის ზონაში არ გამოყენებულა. დანადგარი ოთხნახევარ კილომეტრამდე მანძილზე ცეცხლგამჩენ ან თერმობარულ ჭურვებს ისვრის. ანტიტერორისტული ოპერაციის სპიკერის განცხადებით, ტექნიკა რუსეთიდან შემოვიდა. თუმცა, მისი გამოყენების შედეგად უკრაინელ სამხედროებს შორის არავინ დაშავებულა.

წუხელ სეპარატისტებმა, დონეცკის აეროპორტის დამცველებისთვის წაყენებული ულტიმატუმის ვადის გასვლის შემდეგ, უკრაინულ პოზიციებს შეუტიეს, მათ შორის არტილერიისა და ტანკების გამოყენებით. უკრაინული წყაროების ცნობით, სეპარატისტების და რუსი დივერსანტების ერთ-ერთი ჯგუფი ხაფანგში მოექცა და დიდი დანაკარგი განიცადა, უკრაინელმა სამხედროებმა ტყვედ ორი ჩეჩენი მებრძოლი ჩაიდგეს. 

უკრაინის ქალაქ ვოლნოვახასთან კი, პრორუსი სეპარატისტების მხრიდან დაბომბვის შედეგად დაღუპულ ავტობუსის მგზავრთა რაოდენობამ 12 ადამიანს მიაღწია. ორი მძიმედ დაშავებული წუხელ საავადმყოფოში გარდაიცვალა. სულ დაშავებულია 16 მშვიდობიანი მოქალაქე. გუშინ ტერორისტებმა ცეცხლი გრადის დანადგარიდან უკრაინულ საგუშაგოს გაუხსნეს, სადაც იმ დროს ავტობუსი იმყოფებოდა.

კომენტარები