კრიზისი უკრაინაში

ვაშინგტონი მოსკოვს მოუწოდებს, სეპარატისტების მხარდაჭერა შეწყვიტოს

www.state.gov

უკრაინაში სამოქალაქო პირების მკვლელობა და დონეცკის აეროპორტზე შეტევა შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა დაგმო და მინსკის შეთანხმების დარღვევაზე პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა. ვაშინგტონი მოსკოვს მოუწოდებს, საკუთარი ვალდებულებები შეასრულოს და სეპარატისტების მხარდაჭერა შეწყვიტოს. 

განცხადება ავტობუსზე თავდასხმასთან დაკავშირებით გაეროს უშიშროების საბჭომაც გააკეთა. საბჭოს 15 წევრის, მათ შორის რუსეთის მიერ ხელმოწერილ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამ საზარელი აქტის სრული გამოძიება აუცილებელია.

პარალელურად, რუსეთის საგარეო უწყებამ მშვიდობიან მოქალაქეთა მკვლელობაში კიევი დაადანაშაულა. "დონეცკთან სამოქალაქო ავტობუსისთვის ცეცხლის გახსნა აღშფოთებას იწვევს, ეს კიეველი ძალოვნების მორიგი დანაშაულია", - განაცხადა უწყების წარმომადგენელმა კონსტანტინ დოლგოვმა და მომხდარის გამოძიება მოითხოვა.

 ცნობისთვის, გუშინ, უკრაინის ქალაქ ვოლნოვახასთან პრორუსმა სეპარატისტებმა სამგზავრო ავტობუსი დაბომბეს. დაღუპულ მგზავრთა რაოდენობამ 12 ადამიანს მიაღწია. ორი მძიმედ დაშავებული წუხელ საავადმყოფოში გარდაიცვალა. სულ დაშავებულია 16 მშვიდობიანი მოქალაქე. გუშინ ტერორისტებმა ცეცხლი გრადის დანადგარიდან უკრაინულ საგუშაგოს გაუხსნეს, სადაც იმ დროს ავტობუსი იმყოფებოდა.

ქვეყნის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ თავის საგანგებო მიმართვაში განაცხადა, რომ ხელს მოაწერს ბრძანებას მობილიზაციის ახალი ტალღის შესახებ. მისი თქმით, მან ევროპარლამენტის პრეზიდენტისგან მიიღო პირობა, რომ დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების ტერორისტულ ორგანიზაციებად აღიარების მოწოდებით ევროკავშირის ხელმძღვანელობას მიმართავს.

კომენტარები