ნედლეული

ნავთობზე ფასის 60%-ით კლების გავლენა მსოფლიოს ეკონომიკაზე

Sofia Ordonez / CNN

Bloomberg-ის ცნობით, ნედლი ნავთობის ფასის 60%-ით შემცირებას მსოფლიოს ეკონომიკაზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა შეუძლია, რისი პირველი ნიშნებიც უკვე თვალსაჩინოა. დღეისათვის ნედლი ნავთობის (Brent Crude)-ის ფასი ერთ ბარელზე $45-ს შეადგენს, რაც გასული ექვსი წლის მინიმალურ ფასს წარმოადგენს. ნავთობის ფასის შემცირებამ ზოგიერთ მომპოვებელ ქვეყანაზე, მათ შორის - ვენესუელასა და რუსეთზე, უარყოფითი გავლენა იქონია. 

ნავთობის ფასის განსაკუთრებული შემცირება მისი ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის, OPEC-ის 27 ნოემბრის გადაწყვეტილების შემდეგ გახდა შესამჩნევი. აღნიშნული გადაწყვეტილების მიხედვით, OPEC-ის წევრი ქვეყნები, ნავთობის ფასის შემცირების მიუხედავად, მოპოვებას არ შეამცირებენ და მსოფლიოს ბაზარს დღეში 30 მილიონ ბარელ ნავთობს მიაწვდიან. საწვავის ფასის შემცირება ბაზარზე დიდი რაოდენობით საწვავის მიწოდებამ გამოიწვია, დღეისათვის მსოფლიოს ბაზარზე ყოველდღიურად 90 მილიონი ბარელი ნედლი ნავთობი ხვდება. The Economist-ის ცნობით, ბაზარზე ნავთობის ჭარბი რაოდენობით მიწოდება და, შესაბამისად, მასზე ფასების კლება 2015 წლის მერე ნახევრამდე გაგრძელდება, როდესაც სავარუდოდ ნავთობზე ახალი მინიმალური ფასი უნდა დაფიქსირდეს.

ნავთობმომპოვებელ ქვეყნებში ნავთობის მოპოვების თვითღირებულება ერთმანეთისგან განსხვავდება, მაგალითად, რუსეთში, ირანსა და ვენესუელაში მისი მოპოვება შედარებით უფრო ძვირადღირებულია, ვიდრე საუდის არაბეთსა და ქუვეითში. ნავთობის ძვირადღირებული მომპოვებლებისთვის ფასების შეიცრება საბიუჯეტო პრობლემებსა და ფინანსურ კრიზისს ნიშნავს.

ნავთობის ფასის შემცირება ვენესუელის ეკონომიკაზე მნიშვნელოვნად აისახა, Bloomberg-ის ცნობით, ქვეყანაში 2014 წელს 64%-იანი ინფლაცია იყო, რაც მსოფლიოში ყველაზე დიდ მაჩვენებელს წარმოადგენს. ქვეყნაში უკვე მრავალ პროდუქტზე შეინიშნება დეფიციტი, მათ შორის საკვებსა და მედიკამენტებზეც.

გრძელვადიან პერიოდში ნავთობის ფასის $60-იან ნიშნულზე დაბლა შენარჩუნების შემთხვევაში მსოფლიოს ეკონომიკური ზრდა 0,5%-ით დაჩქარდება, რადგანაც ნედლეულზე ხელმისაწვდომობის გაზრდა წარმოების ზრდას უწყობს ხელს. Bloomberg-ის ცნობით, ნავთობის ფასის შემცირებას აშშ-ის ეკონომიკაზე დადებითი ეფექტი ექნება. იმის მიუხედავად, რომ აშშ ნავთობის მნიშვნელოვანი მწარმოებელია, საწვავის ფასების შემცირება ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე 0,8%-ით აისახება. პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ხალხს ურჩია, რომ ნავთობის ხელმისაწვდომი ფასებით მოტანილი ეკონომიით ისარგებლონ, რადგანაც ის მუდმივად არ გასტანს.

მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2015 წელს მსოფლიოს ეკონომიკა 3%-ით გაიზრდება, რაც გასული წლის მაჩვენებელს 0,4%-ით აღემატება. მსოფლიო ბანკის ანგარიშის მიხედვით, 2015 წელს განვითარებად ქვეყნებში დიდი ეკონომიკური ზრდა არ არის მოსალოდნელი, რადგანაც დოლარის გამყარებას მცირე ზომის ეკონომიკის მქონე ქვეყნებზე უარყოფითი გავლენა აქვს.

თუკი 2015 წლის მანძილზე ნავთობის ფასი ერთ ბარელზე $40-იან ნიშნულზე შენარჩუნდება, საუდის არაბეთისა და რუსეთის ეკონომიკური ზრდა -3,5%-იან ნიშნულზე აღმოჩნდება. ასევე შემცირდება ნორვეგიის, ნიდერლანდებისა და გაერთიანებული საამიროების ეკონომიკური ზრდის ტემპები. ნავთობის გაიაფება ზოგიერთი ნავთობიმპორტიორი ქვეყნის ეკონომიკაზე დადებით ეფექტს მოახდენს, მათ შორისაა ჩილე, ფილიპინები, ჰონგ-კონგი, ბულგარეთი და თურქეთი.

საუდის არაბეთის პრინცის ალვალიდ ბინ თალალის თქმით, ნავთობის ფასი ერთ ბარელზე $100-იან ნიშნულს არ დაუბრუნდება. პრინცის თქმით, $100-ზე მეტი ფასი მეტად ხელოვნურია. მისი შეფასებით, ამერიკულ ნავთობკომპანიებს სირთულეები ელით. პრინცის აზრით, საუდის არაბეთის გადაწყვეტილება, რომ ქვეყანამ არ შეამციროს ნავთობის მოპოვება, სწორი იყო.

აღნიშნულს ბევრი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, The Washington Post-ის ცნობით, თავად OPEC-ი ისეთი ქვეყნების ერთობლიობაა, რომლებსაც ნავთობის მარაგების გარდა საერთო პრაქტიკულად არაფერი აქვთ, ამიტომაც ამ ორგანიზაციის ყველაზე მნიშვნელოვან მოთამაშეებს, როგორიცაა საუდის არაბეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები, ნაკლებად აინტერესებთ სხვა უფრო ძვრირადღირებული მწარმოებლების, მაგალითად, ვენესუელისა და ირანის ბედი. ეს იმას ნიშნავს, რომ OPEC-ი ძველი ფასების დაბრუნებას კიდევ გარკვეული პერიოდი არ შეეცდება.

რუსული რუბლის გაუფასურება საერთაშორისო სანქციებთან ერთად ნავთობზე ფასის შემცირებამაც გამოიწვია. რუსეთის 2014 წლის ბიუჯეტში ნავთობის ფასად $96 იყო ჩადებული, ნედლ ნავთობზე $96-ზე ნაკლები ფასი რუსეთის ბიუჯეტისთვის მნიშვნელოვან რისკს წარმოადგენს.

ნედლი ნავთობის ფასი განსაკუთრებით გასული წლის დეკემბერში შემცირდა, როდესაც ერთ ბარელზე $64 შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში რუბლის კრიზისი განსაკუთრებით გამწვავდა, დეკემბერში ერთი აშშ დოლარი 100 რუსულ რუბლზე მეტი ღირდა, რაც რუბლის ისტორიულ მინიმუმს წარმოადგენს. რუსეთმა საბიუჯეტო დეფიციტის შემცირების მიზნით ნავთობის მოპოვება დღეში 10 მილიონ ბარელამდე გაზარდა.

ირანის 2014 წლის ბიუჯეტით ნავთობის ფასი ერთ ბარელზე $76-ით იყო განსაზღვრული. მას შემდეგ, რაც ნედლი ნავთობის ფასი ამ ნიშნულს ჩამოსცდა, ქვეყნის ბიუჯეტს პრობლემები შეექმნა. ირანი უცხოური სანქციების გამო გარკვეული საბიუჯეტო პრობლემების წინაშე უკვე დგას. 

კომენტარები