ფოკუსი

12 იანვარი, 2015

- სამი მილიონი ადამიანი და ერთიანობის მარში ტერორიზმის წინააღმდეგ - გუშინ მხოლოდ პარიზში დემონსტრაციაში მილიონნახევარზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ტერორისტული თავდასხმების შემდეგ საფრანგეთი უსაფრთხოების ზომებს აძლიერებს - სხვა მნიშვნელოვან ობეიქტებთან ერთად, ათასობით პოლიციელი რელიგიური დანიშნულების შენობებსა და ებრაულ სკოლებს დაიცავს.
- შარლი ებდოს რედაქციაზე თავდამსხმელები სირიაში ყოფნისას ფაქტობრივად დასავლეთის მხარეს იბრძოდნენ - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა. მან განცხადება რუსეთსა და დასავლეთს შორის ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობაზე გააკეთა და აღნიშნა, რომ დასავლეთმა ეს თანამშრომლობა უკრაინაში რუსეთის ქმედებებს არ უნდა დაუკავშიროს.
- სომხეთში ერთი ოჯახის ექვსი წევრის მკვლელობის ბრალდებით რუსი სამხედრო იძებნება. თავდამსხმელმა ქალაქ გიუმრიში ავეტისიანების ოჯახის წევრებს მათ საკუთარ სახლში ცეცხლი ავტომატიდან გაუხსნა. თავდასხმას მხოლოდ ერთი ექვსი თვის ბავშვი გადაურჩა. პოლიციამ ძებნა გიუმრიში დისლოცირებული რუსული სამხედრო ბაზის სამხედრო მოსამსახურე ვალერი პერმიაკოვზე გამოაცხადა. პერმიაკოვი ბაზაზე გასული თვიდან მსახურობდა. საგანგებო თათბირი მომხდართან დაკავშირებით პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა გამართა, რომელმაც განაცხადა, რომ დამნაშავის დასაკავებლად ყველა ზომას მიიღებენ.
- ესტონეთის პრემიერი ტაავი რიივასი თბილისშია. ის უკვე შეხვდა საქართველოს პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს - დახვედრის ოფიციალური ცერემონია კი მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. საუბრის ძირითადი თემა საქართველოს ევროინტეგრაცია და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა იყო.

კომენტარები