ტერაქტი პარიზში

პირების ვინაობა, რომლებმაც პარიზში, მაღაზიაში მძევლები აიყვანეს, ცნობილია

ფრანგული მედიის ინფორმაციით, შეიარაღებული პირი, რომელსაც პარიზში, ქოშერულ მაღაზიაში მძევლები ჰყავს აყვანილი, აჰმედ კულიბალია. მათივე ცნობით, დამნაშავეს ახლავს მეგობარი ქალი. სამართალდამცველები მათ ფოტოებს ავრცელებენ.

დამნაშავემ გუშინ პარიზის გარეუბან მონრუჟში პოლიციელი ქალი მოკლა, ხოლო დღეს მძევლები (სავარაუდოდ, 5) აიყვანა და ქოშერულ მაღაზიაში იმყოფება. პოლიციის ინფორმაციით, დამნაშავემ მძევლების აყვანისას, სულ ცოტა ორი ადამიანი მოკლა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ დამნაშავე ისლამისტია, Charlie Hebdo-ს ტერაქტში მონაწილე ძმები კუაჩების ნაცნობი და შესაძლოა, ტერაქტში მათი თანამზრახველიც.

მაღაზიასთან პოლიციაა მობილიზებული.

პარალელურად კი საფრანგეთის პოლიციამ შენობას, სადაც Charlie Hebdo-ს რედაქციაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილები იმყოფებიან, ალყა შემოარტყა. ტერორისტებმა პარიზის ჩრდილოეთით 35 კილომეტრში, ქალაქ დამატენ ან გუიელში, ერთ-ერთი საწყობის შენობას შეაფარეს თავი. ადგილობრივი მედიის ცნობით, ტერორისტებს მძევლები ჰყავთ, სამართალდამცველები მათთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ და დანებებას სთავაზობენ. ისინი კი ამბობენ, რომ სიკვდილისთვის მზად არიან.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ შენობაში მყოფი შეიარაღებული პირები ძმები კუაჩები არიან, რომლებიც Charlie Hebdo-ს რედაქციას თავს დაესხნენ და 12 ადამიანი მოკლეს. პარიზის დატოვების შემდეგ, დამნაშავეებმა ბენზინგასამართი სადგური გაძარცვეს, ასევე ერთი მანქანა გაიტაცეს. პოლიცია მათ დაედევნა, რის შემდეგაც მათ ცეცხლი გახსნეს და საწყობის შენობას შეაფარეს თავი.

ქალაქის გარშემო ათასობით პოლიციელია მობილიზებული, ჰაერში შვეულმფრენები დაფრინავენ. სპეცოპერაციის გამო ფრენების განრიგი შეცვალა შარლ დე გოლის აეროპორტმა, რომელიც ოპერაციის ჩატარების ადგილიდან 12 კილომეტრში მდებარეობს.

კომენტარები