Rosneft ქართულ ბაზარზე

ბერუჩაშვილი Rosneft-ის შემოსვლაზე: კანონის დარღვევა ამ ეტაპზე არ გვაქვს

NETGAZETI.GE

კითხვაზე, ირღვევა თუ არა Rosneft-ის საქართველოში შემოსვლით ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ კანონის დარღვევა არ გვაქვს.

„იცით რა არის, კანონის დარღვევა ამ ეტაპზე, ჩემ ხელთ არსებული ინფორმაციით, არ გვაქვს, იმიტომ რომ ეს კომპანია არ ოპერირებს საქართველოს ტერიტორიაზე. ჩემ ხელთ არსებული ინფორმაციით ეს არის შელფის კვლევა. თუმცა მე ამ სფეროში ალბათ დაზუსტება დამჭირდება, თემა არის ძალიან რთული და ამას განსაკუთრებული ყურადღება აქვს საგარეო საქმეთა სამინისტრო სწავლობს, ეკონომიკის მინისტრიც სწავლობს" - განაცხადა ბერუჩაშვილმა.

მისივე თქმით, ეს თემა ძალიან დელიკატურია და საქართველოს მთავრობა აგრძელებს სერიოზულ მეთვალყურეობას.

"განსაკუთრებით ფოთის პორტი ეს არის ჩვენი სტრატეგიული ობიექტი და შესაბამისად ეს პორტი იქნება გახსნილი ყველასთვის და არ იქნება არავითარი შეზღუდვა, ამ თემას ძალიან ყურადღებით ადევნებს თვალს ყველა ის უწყება ვისაც ეს ევალება" - თქვა ბერუჩაშვილმა.

 ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის მეექვსე და მეცხრე მუხლი მოითხოვს, რომ კომპანიას, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე თბილისის ნებართვის გარეშე აწარმოებს საქმიანობას, სანქციები დაუწესდეს. ამასთან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 322 (2) მუხლის თანახმად„ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" საქართველოს კანონით აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.2. იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) ჯგუფურად; ბ) არაერთგზის; გ) ასეთი დანაშაულისათვის მსჯავრდებულის მიერ, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე.

Rosneft არა მხოლოდ წარმოდგენილია ოკუპირებული აფხაზეთის ბაზარზე, მასსა და ოკუპირებულ რეგიონს შორის 2009 წლიდან გაფორმებულია ხელშეკრულებანავთობისა და ბუნებრივი აირის მოპოვების შესახებ. საქართველოს მაშინდელი საგარეო უწყება ხელშეკრულების გაფორმებას გამოეხმაურა და მას საქართველოსა და საერთაშორისო კანონმდებლობის უხეში დარღვევა უწოდა.

შეგახსენებთ, რომ სანამ რუსული ნავთობკომპანია Rosneft დავით იაკობაშვილის კუთვნილი კომპანიის, Petrocas-ის აქციების 49%-იან წილს იყიდდა, იაკობაშვილიForbes-სთვის მიცემულ ინტერვიუში ბიზნესში გარეშე ძალების ჩარევაზე საუბრობდა.

"საქართველოში ბიზნესის წარმოებისას ყველასთვის ერთი და იგივე წესები არ მოქმედებს. ბიზნესპროცესებში გარეშე ძალები ერევიან და ეს საკმაოდ საგრძნობია" - ამბობდა იაკობაშვილი.

რუსული ნავთობკომპანიის შემოსვლის შესახებ კომენტარი ჟურნალისტებთან საუბრისას ვიცეპრემიერმა კახა კალაძემაც გააკეთა. მისი თქმით, იაკობაშვილის კომპანია ბიზნესმენ დავით კეზერაშვილთან ასოცირდებოდა, რომელიც სააკაშვილის ძირითად აქტივებს მართავდა.

"ჩემთვის დღეს გახდა ცნობილი იმის შესახებ, რომ "როსნეფტმა" გარკვეული წილი იყიდა და ეს დღეს ოფიციალურადაა დადასტურებული. თვითონ "გალფს" რაც შეეხება, ყველასთვის ცნობილია, რომ ეს კომპანია ასოცირდებოდა კეზერაშვილთან.

სააკაშვილის ძირითად აქტივებს კეზერაშვილი მართავდა, იაკობაშვილი ფიქტიური წარმომადგენელი იყო იმ კოპანიის, რომლითაც მოხდა წილობრივი გასხვისება. ეს არის ტერმინალი და ასეე ბენზინგასამართი სადგურები. ჩვენ არანაირი ბერკეტი არ გაგვაჩნია, რომ რაიმე შეფერხება გავაკეთოთ, ჩავშალოთ ეს ტრანზაქციები, რომელიც ოფშორულ ზონაში მოხდა",- განაცხადა კალაძემ მთავრობის სხდომაზე.

კომენტარები