Rosneft ქართულ ბაზარზე

წიკლაური: ფოთში Rosneft-ის შემოსვლით რუსეთი სტრატეგიულ ობიექტს ეპატრონება

ფოთის ნავთობტერმინალი პუტინის უმთავრესი ეკონომიკური იარაღის - Rosneft-ის მფლობელობაში გადადის. განცხადებას ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის წევრი ნუგზარ წიკლაური აკეთებს.

დეპუტატის თქმით, ფოთის ნავთობტერმინალის პუტინის ხელში გადასვლა შეიცავს უმძიმეს საფრთხეს საქართველოს ეროვნული ინტერესებისათვის. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ითხოვს, ხელისუფლებამ დაიცვას ოკუპაციის შესახებ საქართველოს კანონი.

"Rosneft-ი გახლავთ პუტინის უმთავრესი ეკონომიკური იარაღი, ქვეყნების ეკონომიკურად დასამორჩილებლად. ამავე დროს, Rosneft-ი არის სანქცირებული დასავლეთის ქვეყნების მიერ რუსეთის უკრაინაში აგრესიის გამო და მეორე, საქართველოს კანონის დარღვევით, Rosneft-ი ოპერირებდა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, ზღვის შელფზე მოპოვებით და საძიებო სამუშაოებში.

მიგვაჩნია, რომ ეს არის კომპანია, რომელიც არღვევს საქართველოს კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, ხოლო ხელისუფლებას აქვს ვალდებულება, ასეთი კომპანიების ფუნქციონირება არ დაუშვას.

ყველაზე მთავარი საკითხი გახლავთ ის, რომ Rosneft-ის შემოსვლით ფოთში და ნავთობტერმინალის დაპატრონებით, რუსეთი ეპატრონება ქართულ სტრატეგიულ ობიექტს, რაც უმნიშვნელოვანესი და უმძიმესი დარტყმაა საქართველოს ეროვნული ინტერესებისათვის", - განაცხადა წიკლაურმა.

კომენტარები