- დღეს საქართველოს პრემიერმინისტრმა მთავრობის 1 წლის საქმიანობა შეაჯამა - წინა პრესკონფერენციებისგან არც დღევანდელი იყო დიდად განსხვავებული. პროვოკატორი ჟურნალისტები და ნაციონალურ მოძრაობაში მომზადებული კითხვები - ირაკლი ღარიბაშვილი კითხვებს რომლებზე პასუხის გაცემაც ან არ სურს ან არ შეუძლია ასე არიდებდა თავს. ტაბულას კითხვას, არის თუ არა ვლადიმირ პუტინი საქართველოსა და უკრაინის საერთო მტერი პრემიერ რამდენჯერმე მოუბრუნდა თუმცა პასუხი მაინც არ გაუცია. სამაგიეროდ ის მზადაა პუტინს შეხვდეს. მისი თქმით ,ამას კარგი დაგეგმვა და მომზადება სჭირდება, რომ შედეგიანი იყოს. რაც შეეხება ე.წ. ხელშეკრულებას რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის, ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, საქართველოს მიერ წარმოებული კონსტრუქციული პოლიტიკის პასუხად რუსეთმა არაადეკვატური ნაბიჯები გადადგა. პრემიერი ღარიბაშვილი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ფორმალიზებული ანექსიის უკან კვლავ ნაციონალურ მოძრაობის პასუხისმგებლობას ხედავს.
- კითხვაზე, არის თუ არა პუტინი მტერი, პირდაპირი პასუხი დღეს არც მინისტრთა კაბინეტის წევრებმა გასცეს. ჟურნალისტებს კითხვების დასმის საშუალება დღევანდელი მთავრობის სხდომის დაწყებამდე და მისი დასრულების შემდეგ მიეცათ.
- მთავრობის სხდომაზე ჟურნალისტებთან თავდაცვის მინისტრიც გამოჩნდა. მინდია ჯანელიძემს რამდენიმე დღიანი დუმილი დაარღვია.
- პოლიტიკური შიზოფრენია - ასე აფასებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო მდივანი გიგა ბოკერია პრემიერის დღევანდელ პრესკონფერენციას. ბოკერიას თქმით, ღარიბაშვილი ცდილობს ყველაფერი წარმოაჩინოს ისე როგორც მას სურს თუმცა რეალობა განსხვავებულია.
- ღარიბაშვილის პრესკონფერენციას ეხმაურებიან საპარალამენტო უმრავლესობაშიც.
- ბოლო კვირების განმავლობაში საქართველოს პარლამენტის დეპუტატები ნამდვილად არ გამოირჩეოდნენ შესაშური სიმშვიდით, თუმცა დღევანდელი დღე უდავოდ გამორჩეული გამოდგა. გინებით დაწყებულ დაპირისპირებაში თითქმის ყველა კანონმდებელმა მიიღო მონაწილეობა. შეურაცხყოფილი დეპუტატები და დალეწილი მიკროფონები - ასეთია დღევანდელი დღის შედეგი.
პროკურატურაში შეიქმნება დეპარტამენტი, რომელიც, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, რეპრესირებულებისთვის ქონების დაბრუნებაზე იმუშავებს. ამის შესახებ პრემიერმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინასაარჩევნო დაპირება სამართლიანობის აღდგენა იყო და მათ ეს პროცესი დაიწყეს.




