წმინდა სინოდის სხდომა 2014

წმინდა სინოდის სხდომაზე მღვდელმთავრები უკომენტაროდ შევიდნენ

წმინდა სინოდი
wikipedia.org

საქართველოს საპატრიარქოს შენობაში მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს. ტაბულას კითხვებს, რა თემებს განიხილავს წმინდა სინოდი, იგეგმება თუ არა ეპარქიათა კვლავ გაყოფა და რა ბედი ეწევა კახისა და ქურმუხის ეპისკოპოსად გამორჩეულ არქიმანდრიტ დემეტრე თეთრუაშვილს, რომელიც არ უკურთხებიათ, მღვდელმთავრებმა არ უპასუხეს.

არქიმანდრიტ დემეტრეს კურთხევა გაურკვეველი მიზეზით შეჩერდა, თუმცა წინა სინოდზე, მასთან ერთად გამორჩეული ყველა მღვდელმთავარი უკვე აკურთხეს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, როგორც ეს განსაზღვრულია ადგილობრივი საეკლესიო კანონმდებლობით.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების თანახმად, ეკლესიაში უმაღლესი ხელისუფლება მოძღვრების, საეკლესიო მმართველობისა და საეკლესიო სასამართლოს სფეროებში, ანუ - საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლება საქართველოს ეკლესიის საეკლესიო კრებას, იგივე წმიდა სინოდს ეკუთვნის.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდს იწვევს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი (ან მისი მოსაყდრე) საჭიროების მიხედვით, წელიწადში არანაკლებ ორჯერ და თავმჯდომარეობს მას. საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის წევრები არიან საქართველოს ეკლესიის ეპარქიათა მმართველი მღვდელმთავრები და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსები.

კომენტარები